„ნაციონალური მოძრაობა" ტარიელ აროშიძისთვის 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებით უკმაყოფილოა
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა „ნაციონალური მოძრაობა”.
საქმე ეხება საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტს, რისთვისაც ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრს, ტარიელ აროშიძეს 5 000-ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა.
„მოვითხოვ, დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელმაც ბესიკ ქათამაძეზე თავდასხმაში მიიღო მონაწილეობა. სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლოა. იგი ხელისუფლებისგანაა მართული”,- აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს უარყოფს ,,ქართული ოცნების”წევრი დავით დარჩია.
„მომხდარი ძალიან ცუდი ამბავია. პროვოკაციები მიზანმიმართულად ხორციელდება ჩვენს მიმართ. მე მოვუწოდებ ყველა დეპუტატს, არ აჰყვეს მათ. მჯერა, სამართლიანობა იზეიმებს. „ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებები უსაფუძვლოა. უფალი დიდია და განსჯის”- აცხადებს „ქართული ოცნების“ წევრი, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია.
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრ ტარიელ აროშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ოზურგეთის საკრებულოში ინციდენტი 15 ივნისს მოხდა.
პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გუშინ ოზურგეთის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს „ნაციონალური მოძრობის“ პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებების ნაწილად შეაფასა. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.