მზის სისტემის უდიდესი ვულკანი ერთ დროს შეიძლება კუნძული იყო — #1tvმეცნიერება
მზის სისტემის უდიდესი ვულკანი ერთ დროს შეიძლება ვრცელ ზღვაში მდებარე კუნძული იყო. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.
მილიარდობით წლის წინ, როდესაც მარსი ახალგაზრდა, წყლიანი პლანეტა იყო, ოლიმპის მთა შეიძლება სტრომბოლის ან სავაის ჰგავდა, მაგრამ მათზე გაცილებით დიდი უნდა ყოფილიყო.
ახალი ანალიზი აჩვენებს მის მსგავსებებს დედამიწის აქტიურ ვულკანურ კუნძულებთან, რაც კიდევ უფრო მეტ მტკიცებულებას სძენს მარსის წყლიან წარსულს.
„კვლევაში ვაჩვენეთ, რომ მარსის ოლიმპის გიგანტურ ვულკანს მორფოლოგიური მსგავსებები აქვს დედამიწის აქტიურ ვულკანურ კუნძულებთან, სადაც, ლავის სიბლანტის მკვეთრი კონტრასტების საპასუხოდ, წყალი-ჰაერის გარდამავალ ზონაში მუდმივად ხდება ფერდობთა ძლიერი დაშლა“, — წერს მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც პარიზ-საკლეს უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერი ანტონი ილდენბრანდი ხელმძღვანელობდა.
მათი ვარაუდით, ოლიმპის მთის გარშემო, 6 კმ სიმაღლეზე არსებული ძირითადი კონცენტრული შვეული მოშიშვლება (ესკარპი), დიდი ალბათობით წარმოქმნილია თხევად წყალში ლავის ჩადინებით, როდესაც ის აქტიური ვულკანური კუნძული იყო.
ოლიმპის მთა უზარმაზარია. ამ ფარისებრი ვულკანის სიმაღლე 25 კილომეტრია და დაახლოებით პოლონეთის ფართობს იკავებს.
ის არა მხოლოდ უდიდესი ვულკანი, არამედ უდიდესი პლანეტური მთაც არის მთელ მზის სისტემაში.
მისი საძირკველი ცოტა არ იყოს, უცნაურია. მიწისპირს ის სუფთა ფერდობის სახით არ ხვდება. დაახლოებით 6 კმ სიმაღლეზე, გარშემოწერილობის უმეტეს ნაწილში ახასიათებს გამოკვეთილი კლიფები (ფრიალო კლდე), ანუ ქანების შვეული გაშიშვლება, რომლებიც მკვეთრად ეშვება ქვემოთ მიმდებარე ლანდშაფტში. ამ წარმონაქმნის წარმომავლობა გარკვეულწილად გაურკვეველია.
დღეს მარსი ძლიერ მშრალი და მტვრიანია. ზედაპირზე წყალი მხოლოდ ყინულის ფორმით არის წარმოდგენილი. არც მდინარეები მიედინება, არც ოკეანეები ავსებს მის ვრცელ აუზებსა და კრატერებს. თუმცა, სულ უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება იმისა, რომ ერთ დროს, მარსზე უხვად იყო თხევადი წყალი.
მაგალითად, გეილის კრატერი, სადაც NASA-ს მავალი „კურიოზიტი“ დადის, მილიარდობით წლის წინ წყლით იყო სავსე და იქ დიდი ტბა იდგა. მეორე მავალი, „პერსევერანსი“ კი ეზეროს კრატერში მოძრაობს, რომელიც უძველესი მდინარის ამჟამად დამშრალი დელტაა.
ეს ინფორმაცია ილდენბრანდმა და მისმა კოლეგებმა ოლიმპის მთის რეკონსტექტუალიზაციისთვის გამოიყენეს. მათ აქ, დედამიწაზე არსებული ფარისებრი ვულკანები შეისწავლეს. კონკრეტულად, ისინი სწავლობდნენ სამ აქტიურ ვულკანს: კუნძულ პიკუს პორტუგალიაში; კუნძულ ფოგოს კანადაში; და კუნძულ ჰავაის.
ასე დაადგინეს, რომ ამ კუნძულთა სანაპიროებს მკვეთრი შვეულად მოშიშვლებული ქანები აქვთ, ისეთი, როგორიც ოლიმპის მთას. დედამიწაზე ამ მახასიათებლის წარმოქმნის მიზეზია ლავის სიბლანტის მკვეთრი კონტრასტები, რასაც დიფერენციალური გაციება განაპირობებს ჰაერიდან წყალში ჩასვლისას.
„ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ ოლიმპის მთა ყოფილი ვულკანური კუნძულია, რომელსაც გარს თხევადი წყალი ეკრა“, — წერენ მკვლევრები.
ამან კი შეიძლება გარკვეული მინიშნებები მოგვცეს მარსის წყლის ისტორიის შესახებ. მაგალითად, შვეულად მოშიშვლებულ ქანთა სარტყელი დიდი ხნის წინ გამქრალი ოკეანის დონე უნდა ყოფილიყო. ლავის ნაკადების ასაკი, რაც 3,7 – 3 მილიარდ წელიწადს შეადგენს, გვეუბნება, როდის უნდა ყოფილიყო იქ ოკეანე.
ასეთი მახასიათებლები ჯგუფმა მარსის კიდევ ერთ ვულკანურ მთაზე, ალბაზე გამოავლინა, რომელიც ოლიმპის მთიდან 1500 კილომეტრში მდებარეობს, ვრცელ დაბლობში.
ეს კი შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ეს ოკეანე შეიძლება მარსის ზედაპირის საკმაოდ დიდ ნაწილს იკავებდა.
მკვლევართა განცხადებით, ასეთი შედეგები მარსის კვლევის სამომავლო მისიებს წითელი პლანეტის ისტორიისა და ევოლუციის შესწავლის ახალ პერსპექტივას სთავაზობს.
კვლევა Earth and Planetary Science Letters-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.