მზის მეორე უახლოეს მეზობელ ვარსკვლავთან სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა აღმოაჩინეს
12:56, 15.11.2018
ხანგრძლივი კვლევის შემდეგ, ასტრონომებმა შენიშნეს, რომ ბერნარდის ვარსკვლავის მოძრაობაზე რაღაც მოქმედებს, რაც იმის ნიშანია, რომ სულ მალე შესაძლოა, კიდევ ერთი უახლოესი მეზობელი ეგზოპლანეტა ვიხილოთ.
ბერნარდის ვარსკვლავი წითელი ჯუჯაა, რომელიც ჩვენს მზეზე გაცილებით ხნიერია. მდებარეობს ჩვენგან 6 სინათლის წლის მანძილზე და წარმოადგენს მზის მეორე უახლოეს მეზობელ ეულ ვარსკვლავს, ალფა კენტავრის სამვარსკვლავიანი სისტემის შემდეგ.
წითელი ჯუჯა ვარსკვლავები მზეზე გაცილებით პატარა და ცივია, გამოირჩევიან ფეთქებადი მაგნიტური აქტივობით. მაგრამ ბერნარდის ვარსკვლავი ასტრონომთათვის ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი წითელი ჯუჯაა.
შედარებით რბილი ვარსკვლავური ამინდისა და ჩვენთან სიახლოვის გათვალისწინებით, ბერნარდის ვარსკვლავი ასტრონომთათვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ეგზოპლანეტების საძებნელად.
თუმცა, მიუხედავად მეცნიერთა მრავალი მცდელობისა, იქ პლანეტის აღმოჩენა ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა. არსებობდა მხოლოდ ეჭვი, რადგან ვარსკვლავის მოძრაობაში შეინიშნებოდა გარკვეული რყევები.
სწორედ ამიტომ, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა უფრო დეტალური კვლევების ჩატარება გადაწყვიტა.
ჯგუფმა ანალიზები ჩაუტარა ბოლო 20 წლის განმავლობაში შვიდი სხვადასხვა სპექტრომეტრის მიერ შეგროვებულ რადიალური სიჩქარის მონაცემებს, რათა საბოლოოდ გაერკვიათ, ჰყავს თუ არა პლანეტა ბერნარდის ვარსკვლავს.
გაირკვა, რომ ვარსკვლავის პერიოდული რხევას წამში 1,2 მეტრის ამპლიტუდა აქვს, თავად პერიოდი კი 233 დღეს შეადგენს. მაგრამ მეცნიერებს აეჭვებდათ ისიც, რომ ამ სახის სიგნალების გამოწვევა გარკვეულ ვარსკვლავურ ფენომენსაც შეუძლია.
მსგავსი ვარსკვლავური ფენომენის გამოსარიცხად და ალტერნატიული ახსნის საპოვნელად, ჯგუფმა კომპიუტერულ სიმულაციებს მიმართა. როგორც დადგინდა, იმის შანსი, რომ 233-დღიანი სიგნალის გამომწვევი მიზეზი ვარსკვლავური ლაქა ყოფილიყო, 0,8 პროცენტი იყო.
ესპანეთის კოსმოსურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ასტროფიზიკოსის, იგნასი რიბასის განცხადებით, ყველა ტესტის შემდეგ მათ დაასკვნეს, რომ ვარსკვლავის რხევების გამომწვევი მიზეზი ყველაზე დიდი ალბათობით იყო პლანეტა. მისი თქმით, ამის ალბათობის შანსი 99,2 პროცენტია.
შედეგად, ბერნარდის ვარსკვლავთან, ე. წ. თოვლის ხაზის სიახლოვეს დაფიქსირდა პოტენციური სუპერდედამიწა, ანუ პლანეტა, რომლის მასაც დედამიწისაზე მეტია, მაგრამ ურანისაზე პატარა. თოვლის ხაზი ეწოდება უახლოეს მანძილს ვარსკვლავიდან, სადაც შესაძლებელია ისეთი პლანეტური ინგრედიენტების თავმოყრა, როგორებიცაა წყალი და აირები.
თუმცა, იდუმალებით რჩება მოცული დეტალები ამ პოტენციური პლანეტის შესახებ. რიბასის თქმით, სავარაუდოდ, მისი მასა დედამიწისას ოთხჯერ აღემატება და შესაბამისად, უნდა იყოს ან კლდოვანი პლანეტა, ან გაბერილი მინი-ნეპტუნი.
ეგზოპლანეტა დედავარსკვლავისგან დაშორებულია დედამიწასა და მზეს შორის არსებული მანძილის 0,4 პროცენტით. მიუხედავად ასეთი სიახლოვისა, ბერნარდის ვარსკვლავი მას იმ ენერგიის მხოლოდ 2 პროცენტს აწვდის, რასაც მზე დედამიწას. ვარსკვლავის გარშემო ერთ შემოვლას ის 233 დღეს ანდომებს.
გამომდინარე აქედან, მკვლევრები დარწმუნებული არიან, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ის ყინულოვანი სხეულია და საშუალო ტემპერატურა დაახლოებით -170 გრადუსი ცელსიუსია. ასტრონომები არ გამორიცხავენ, რომ ბერნარდის ვარსკვლავის გარშემო სხვა პლანეტებსაც მიაგნონ.
ყველაფერს საბოლოოდ შემდეგი თაობის ტელესკოპები გაარკვევს, მათ შორის ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი, რომელსაც პირდაპირ შეეძლება ეგზოპლანეტის ატმოსფეროს გადაღება.