მზის გარშემო მოსრიალე ათასობით ასტეროიდი - NASA-ს ახალი ვიდეო
19:23, 25.04.2018
NASA-ს დედამიწასთან ახლომდებარე ობიექტთა მისია NEOWISE-მა ოთხი წლის განმავლობაში შეგროვებული მონაცემები გამოაქვეყნა.
ხომალდი 2013 წლის დეკემბერში გაეშვა და მას შემდეგ, დააფიქსირა და დაახასიათა 29 000-ზე მეტი ობიექტი. უმეტესი მათგანი მარსსა და იუპიტერს შორის, ასტეროიდთა სარტყელში მოძრავი ასტეროიდია. გარდა ამისა, სიაში შედის დედამიწასთან ახლომდებარე 800 ობიექტი და 130-ზე მეტი კომეტა.
„საერთო ჯამში, NEOWISE-მა დაახასიათა დედამიწასთან ახლომდებარე 1300-ზე მეტი ობიექტის ზომა და არეკვლისუნარიანობა, რამაც შეუფასებელი რესურსი მოგვცა ამ ობიექტთა ფიზიკური მახასიათებლების შესასწავლად და იმის გასარკვევად, რისგან შედგება და საიდან მოდიან ისინი“, — ამბობს მისიის მთავარი მკვლევარი ემი მაინცერი.
NEOWISE-ის მისია საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა. 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის დეკემბრამდე, მან ცას 2,5 მლნ სურათი გადაუღო და აღმოაჩინა 10 ისეთი ობიექტი, რომლებიც NASA-ს განცხადებით, დედამიწისთვის პოტენციურად სახიფათოა.
დღეისათვის, ასტრონომებს აღმოჩენილი აქვთ დედამიწასთან ახლომდებარე 18 200 ობიექტი, მაგრამ სავარაუდოდ, ეს რიცხვი არაფერია რეალურ ოდენობასთან შედარებით. მეცნიერთა აზრით, დედამიწასთან ახლომდებარე ობიექტთა რაოდენობა მილიონებს აღწევს.