ბოლო პერიოდში მზე საკმაოდ მშვიდი იყო. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, ამოფრქვევათა აქტივობა შედარებით იშვიათი და სუსტი გახდა. თუმცა, როგორც ჩანს, სიჩუმე დაირღვა. 29 მაისს, მზეზე 2017 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ამოფრქვევა დაფიქსირდა.
ეს კი შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ მზე უკვე შევიდა ახალ ციკლში და უახლოეს რამდენიმე წელიწადში აქტივობის მაღალი დონე შეინარჩუნოს, რასაც მეცნიერები ისედაც ვარაუდობდნენ.
ჩვენთვის, დედამიწის ბინადრებისთვის, მზე სულ ერთნაირი და უცვლელი ჩანს, მაგრამ წლების განმავლობაში ასტრონომებმა შენიშნეს, რომ მას აქტივობის 11-წლიანი ციკლები ახასიათებს, ანუ, აქტივობის მკაცრად განსაზღვრული მინიმუმი და მაქსიმუმი.
მზის მინიმუმი ხასიათდება მზის ლაქებისა და ამოფრქვევათა აქტივობის მინიმალური დონით; აღნიშნავს ერთი ციკლის დასასრულს და ახლის დასაწყისს. ამის პროგნოზირება შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ რამდენიმეთვიანი პერიოდის სიზუსტით.
მზის ციკლები ეფუძნება მზის მაგნიტურ ველს, რომელიც ყოველ 11 წელიწადში ერთხელ ტრიალდება, ანუ ადგილებს ცვლიან ჩრდილოეთ და სამხრეთ მაგნიტური პოლუსები.
უცნობია, რა წარმართავს ამ ციკლებს, მაგრამ ცნობილია, რომ პოლუსების გადანაცვლება ხდება მაშინ, როდესაც მაგნიტური ველი სისუსტის პიკს აღწევს, რასაც მზის მინიმუმს უწოდებენ.
ამჟამად, მეცნიერები ელოდებიან, 24-ე ციკლის დასასრულს და 25-ე ციკლის დასაწყისს, მაგრამ არ ვიცით, მზის მინიმუმი უკვე დადგა თუ ახლა დგება.
2017 წელს, ნასა აღნიშნავდა, რომ მზის მინიმუმი 2019-2020 წელს დადგებოდა. გასული წლის დეკემბერში, აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ორგანიზაციამ პროგნოზი უფრო დააზუსტა და განაცხადა, რომ მზის მინიმუმი 24-ე და 25-ე ციკლებს შორის, 2020 წლის აპრილში დადგებოდა (+/- 6 თვე).
თუ მზე ასეთ აშლილ აქტივობებს ცოტა უფრო მოუმატებს, ეს შეიძლება იმის მტკიცებულება იყოს, რომ ეს მოვლენა უკვე მოხდა. ცოტა ხანს ამას დაზუსტებით კიდევ ვერ გავიგებთ, მაგრამ ახალი ამოფრქვევა ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.
ეს ანთება 29 მაისს დაფიქსირდა. პლაზმა მარყუჟისებრად ამოიფრქვა მზის ლაქების ერთ-ერთი სახეობიდან. ეს ლაქები წარმოქმნიან M-კლასის ანთებებს, რომლებიც მეორე ყველაზე ძლიერია ამოფრქვევათა კლასიფიკაციაში. რეალურად, ისინი საკმაოდ ზომიერია, რამდენადაც მზის ამოფრქვევა შეიძლება იყოს. როდესაც ისინი დედამიწისკენ არის მომართული, პოლარულ რეგიონებში იწვევს რადიოსიგნალთა დაბლოკვას და რადიაციულ შტორმს დედამიწასთან ახლო კოსმოსში, რაც საფრთხეს წარმოადგენს ასტრონავტებისთვის. ამავე დროს, ასეთი შტორმები წარმოქმნის შთამბეჭდავ პოლარულ ციალს.
ეს კონკრეტული ანთება დედამიწისკენ მომართული არ ყოფილა. როგორც ნასა აღნიშნავს, ის საკმაოდ პატარა M-კლასის ანთება იყო და მისი სიმძლავრე 10-ბალიან სკალაზე მხოლოდ M1,1-ს შეადგენდა. შესაბამისად, დედამიწისთვის ის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ M-კლასის ბოლო ამოფრქვევა 2020 წლის 29 მაისამდე 925 დღით ადრეა დაფიქსირებული და შესაბამისად, მეცნიერები მის დეტალურად შესწავლას გეგმავენ.
ერთი ამოფრქვევა შეიძლება არაფერს ნიშნავდეს, ანუ მზე კვლავ დაწყნარდეს და ამოფრქვევა საკმაო ხნის განმავლობაში აღარ მოხდეს. თუმცა, თუკი ამოფრქვევები გაგრძელდა, ეს იმის მტკიცებულება იქნება, რომ მზის პოლუსებმა ადგილები უკვე გაცვალეს.
მიუხედავად ამისა, ამის დადასტურებას ექვსი თვე დასჭირდება.
„მზეზე დაკვირვება და ლაქების დათვლა მინიმუმის დადგომიდან სულ მცირე ექვსი თვის განმავლობაშია საჭირო, რათა დაზუსტებით ვიცოდეთ, რომ ციკლის ეს პერიოდი მართლაც დადგა“, — წერია ნასას განცხადებაში.
როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, იმის გამო, რომ მინიმუმს განსაზღვრავს მზის ლაქების ნაკლებობა ციკლში, საჭიროა მათი დათვლა და შესაბამისად, მზის მინიმუმის დადგომის დადასტურებას ექვსი თვე ან წელიწადი სჭირდება.
მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.