მზესთან მიმავალმა ხომალდმა დედამიწას ფოტო გადაუღო
მზესთან მიმავალმა ხომალდმა დედამიწას ფოტო გადაუღო

NASA-ს პარკერის მზის ზონდი დედამიწაზე აღარასოდეს დაბრუნდება, მაგრამ მას კვლავ შეუძლია მშობლიური პლანეტისთვის თვალის შევლება.

12 აგვისტოს გაშვებულმა ხომალდმა 25 სექტემბერს ვარსკვლავების ფონზე მოკიაფე დედამიწას ფოტო გადაუღო. სურათი NASA-მ გუშინ გამოაქვეყნა. დანიშნულების ადგილზე მისვლისას, კამერა WISPR-ის საშუალებით, ზონდი ფოტოებს გადაუღებს მზის ზედა ატმოსფეროს — გვირგვინის სტრუქტურას.

ფოტოზე დედამიწა კაშკაშა წერტილის სახით მოჩანს. თუმცა, სურათი კიდევ ერთ საიდუმლოს მალავს. დედამიწის გამოსახულების გადიდებისას, მისიის ხელმძღვანელებმა ჩვენი პლანეტის მარჯვენა მხარეს უცნაური ამოზნექილობა შენიშნეს. კიდეზე ასეთი შებერილობა ჩნდება მაშინ, როცა პლანეტის უკან მთვარე ექცევა.

ფოტოს გადაღებისას, ხომალდი დედამიწას 44 მილიონი კილომეტრით იყო დაშორებული. მას შემდეგ, ზონდი მზისკენ მიმავალ თავის ჩქაროსნულ ტურნეს აგრძელებს. ტრაექტორიის დაზუსტების მიზნით, მან შვიდჯერ შემოუფრინა პლანეტა ვენერას.

1,5$ მილიარდად ღირებული ხომალდი შვდიწლიანი მისიის განმავლობაში ამ დრომდე ყველაზე დეტალურად შეისწავლის მზეს. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ამ პროექტის შედეგად, უკეთესად შეისწავლიან მზის წარმოუდგენლად ცხელ გვირგვინს, ასევე, როგორ წარმოიქმნება მზის ქარი — დამუხტულ ნაწილაკთა ნაკადი. ხომალდი მზეს პირველად 5 ნოემბერს გადაუფრენს.