ნასამ პარკერის მზის ზონდი შარშან გაუშვა და ხომალდმა მზეს უკვე სამჯერ ჩაუქროლა წარმოუდგენლად ახლო მანძილიდან; ეს ხომალდი კაცობრიობის მიერ შექმნილი ყველაზე სწრაფად მოძრავი მოწყობილობაა. რამდენიმე დღის წინ, მეცნიერებმა ამ მისიის მიერ გაკეთებული პირველი აღმოჩენები წარმოადგინეს, რომლებიც მეტყველებს, რომ ჩვენი დედავარსკვლავის დინამიკა იმაზე უცნაურია, ვიდრე აქამდე გვეგონა.
ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ ოთხ კვლევაში აღწერილია, თუ რას დააკვირდა ხომალდი პირველი ორი ჩაფრენისას, როდესაც ის მზის ზედაპირს 24 მილიონი კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდა. ეს მანძილი პლანეტა მერკურის მზისგან დაშორების დაახლოებით ნახევარია.
ნასას ჰელიოფიზიკის განყოფილების დირექტორის, ნიკოლა ფოქსის განცხადებით, ხომალდის მიერ მზის მუშაობის შესახებ გამოგზავნილი ყველა ინფორმაცია სრულიად ახალია და გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ცვლის მზე კოსმოსურ გარემოს მზის სისტემაში.
ყველა ეს ინფორმაცია მეცნიერებს ეხმარება მზის შტორმების პროგნოზირების მოწინავე სისტემების შექმნაში, რათა თავიდან ავიცილოთ თანამგზავრებისა და ელექტროსისტემების დაზიანება.
აალებული ცხელი ბუშტი
მზე წყალბადისა და ჰელიუმის დიდი ბუშტია; ის კი, როგორც ჩვენ მას ყოველდღიურად ვხედავთ, საიდუმლოების კომპლექსურ ბუშტად რჩება.
ერთი გამოცანა, რომელზეც მეცნიერები უკვე ათწლეულებია თავს იმტვრევენ, არის ის, თუ რატომაა მზის ატმოსფერო სუპერცხელი.
მზის ზედაპირი, რომელსაც ცაში ყვითელი დისკოს სახით ვხედავთ, დაახლოებით 5537 გრადუსი ცელსიუსია. მართალია, საკმაოდ მაღალი ტემპერატურაა, მაგრამ უბრალოდ ცივია მის ზემოთ არსებულ თხელ ატმოსფეროსთან შედარებით, რომელსაც გვირგვინი (კორონა) ეწოდება.
იქ ტემპერატურა მილიონ გრადუსს აღემატება. გვირგვინი ასევე აჩქარებს მზის ქარებს — მზიდან გამომავალ ნაწილაკთა ნაკადებს, რომელთა სიჩქარეც საათში მილიონობით კილომეტრს აღწევს.
კოსმოსურ მეცნიერებათა და ინჟინერიის პროფესორის, პარკერის მზის ზონდის ოთხი ძირითადი ინსტრუმენტის ერთ-ერთი მთავარი ავტორის, ჯასტინ კასპერის განცხადებით, მზის გვირგვინის ასე გაცხელების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მიიჩნეოდა მზის მაგნიტური ველების ვიბრირება, დაახლოებით ისე, როგორც გიტარის სიმები ვიბრირებს. შესაბამისად, მათ სურდათ ენახათ, როგორ გამოიყურება ეს ვიბრაციები მზესთან ასე ახლოს.
როგორც მოსალოდნელიც იყო, ვიბრაციები იქ უფრო ძლიერია. ინსტრუმენტებმა ასევე დააფიქსირეს დამატებითი, მძლავრი ტალღები. კასპერი მათ ოკეანეში შემჩნეულ მოხეტიალე ტალღებს ადარებს.
როდესაც ერთ-ერთმა ასეთმა დიდმა ტალღამ ხომალდს გადაუარა, მზის ქარების სიჩქარე წამებში გაიზარდა 482 900 კმ/სთ-მდე. თითოეული ტალღა წამებს ან წუთებს გრძელდება და როცა ჩაივლის, მზის ქარების სიჩქარეც ჩვეულებრივ ნიშნულს უბრუნდება.
ტალღები იმდენად ძლიერი იყო, რომ შეეძლოთ მაგნიტური ველის მიმართულების შემოტრიალება, წარმოქმნიდნენ S-ის ფორმის ნაგრეხებს, რომლებსაც მეცნიერებმა „ამერიკული მთები“ უწოდეს.
კასპერის თქმით, ეს ძალიან დიდი და ძლიერ ენერგიული მოვლენებია, რომლებმაც შეიძლება გვითხრას, როგორ გადაეცემა მზის ენერგია ატმოსფეროს, რომელიც შემდეგ მას ასე აცხელებს.
საიდან ქრის ქარი
მზის ახლო ხედის ნახვის შემდეგ, მეცნიერებს ახლა უკეთესი მოსაზრება აქვთ, თუ სად იღებს სათავეს მზის ქარი.
მზის ქარის გაზომვათა უმეტესობა ამ დრომდე ჩატარებული იყო დედამიწის სამეზობლოში, მზიდან 145 მლნ კილომეტრის მოშორებით.
სტიუარტ ბეილი, კალიფორნიის უნივერსიტეტის ფიზიკოსი, იმ ინსტრუმენტის ხელმძღვანელი, რომელიც მზის ქარის ელექტრულ და მაგნიტურ ველებს ზომავს, ამბობს, რომ მზის ქარების დედამიწიდან შესწავლა დაახლოებით იმას ჰგავს, ჩანჩქერის ნახევარს ქვემოდან დავაკვირდეთ.
„წყალი მუდმივად მოედინება, არის მშფოთვარე, ქაოსური, უსტრუქტურო. გვსურს გავიგოთ, რა არის ჩანჩქერის წყარო, რა არის ზემოთ. იქ აისბერგი დნება სპრინკლერების სისტემაა თუ ტბა?“, — ამბობს იგი.
დედამიწასთან მოღწევისას, ინფორმაცია მზის ქარის წარმოშობის შესახებ უკვე არეულ-დარეულია და მისი განჭვრეტა ურთულესია.
მისი თქმით, პარკერის მზის ზონდის მონაცემები აჩვენებს, რომ ე. წ. ნელი მზის ქარი, რომელიც საათში მილიონ კილომეტრზე ნაკლები სიჩქარით მოძრაობს, მოდეინება ე. წ. კორონალური ხვრელებიდან; ეს გახლავთ მზის ლაქებთან დაკავშირებული ადგილები მზის ეკვატორის სიახლოვეს, სადაც წყალბადი და ჰელიუმი უფრო ცივი და ნაკლებად მკვრივია.
ვარსკვლავის მტვერი
ხომალდმა ასევე მოგვაწოდა მზისა და მისი გვირგვინის გარშემო არსებული მტვრის ღრუბლის ერთიანი სურათი. აღმოჩნდა, რომ ეს მტვერი მზესთან ახლოს უფრო თხელია და კარგად ემთხვევა დიდი ხნის პროგნოზს ვარსკვლავის გარშემო მტვრისგან თავისუფალი ზონის შესახებ.
უახლოეს წლებში, პარკერის მზის ზონდი რამდენჯერმე ჩაუფრენს პლანეტა ვენერას და თანდათან მზესთან უფრო ახლოს, დაახლოებით 6 მილიონი კილომეტრის მანძილზე მივა. რა თქმა უნდა, ამ დროს ამოხსნის სხვა უამრავ საიდუმლოს.
2020 წლის თებერვალში, ევროპის კოსმოსური სააგენტო Solar Orbiter-ის გაგზავნას გეგმავს. მართალია, ის მზესთან ისე ახლოს არ მივა, როგორც პარკერის ზონდი, მაგრამ აღჭურვილია ინსტრუმენტებით, რომლებიც განსხვავებულ ხედებს შემოგვთავაზებს და მეტ ინფორმაციას მოგვაწვდის მზის საიდუმლოთა ამოსახსნელად.
მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.