ჩვენს მზეს სავარაუდოდ ძალიან დაკავებული დრო დაუდგა. ახალი პროგნოზების მიხედვით, მისი აქტივობის ციკლების შემდეგი მაქსიმუმი შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყოს, რაც ოდესმე გვინახავს.
ასეთი პროგნოზი პირდაპირ ეწინააღმდეგება NASA-ს და აშშ0-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადამინისტრაციის (NOAA) მზის ამინდის პროგნოზს, მაგრამ თუ მართლაც ასე მოხდა, შეიძლება დამტკიცდეს თეორია მზის აქტივობის ციკლების შესახებ, რომელზეც მეცნიერები უკვე წლებია მუშაობენ.
„მეცნიერები ძლიერ წვალობენ მზის ლაქების ციკლების ხანგრძლივობისა და სიძლიერის პროგნოზირებაში, რადგან არ გვაქვს ფუნდამენტური აღქმა იმ მექანიზმის შესახებ, რომელიც ამ ციკლს წარმართავს. თუ ჩვენი პროგნოზი მართებული აღმოჩნდა, გვექნება მტკიცებულება, რომ ჩვენი თეორია მზის შიდა მაგნიტური მექანიზმის შესახებ, სწორ გზას ადგას“, — ამბობს აშშ-ის ატმოსფერული კვლევების ეროვნული ცენტრის მზის ფიზიკოსი სკოტ მაკინტოში.
სინამდვილეში, მზის აქტივობის დონე საკმაოდ ცვალებადია და მისი აქტივობის ციკლები მისსავე მაგინტურ ველს უკავშირდება.
ყოველ 11 წელიწადში ერთხელ, მზის პოლუსები ადგილებს ცვლიან — სამხრეთი ჩრდილოეთის ადგილას გადადის, ჩრდილოეთი კი სამხრეთის. უცნობია, რა წარმართავს ამ ციკლებს, მაგრამ ვიცით, რომ პოლუსების გადანაცვლება ხდება მაშინ, როდესაც მაგინტური ველის სიმძლავრე ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.
იმის გამო, რომ მზის აქტივობას მისი მაგნიტური ველი აკონტროლებს — მზის ლაქები (ძლიერი მაგნიტური ველის მქონე დროებითი რეგიონები), მზის ანთებები და კორონარული მასის ამოფრქვევები (წარმოქმნის მაგნიტური ველის ხაზების გაწყვეტა და ხელახლა შეერთება) — ციკლის ეს ეტაპი ძალიან მინიმალური აქტივობით გამოირჩევა და მას მზის მინიმუმს უწოდებენ.
მას შემდეგ, რაც პოლუსები გადანაცვლდება, მაგნიტური ველი ძლიერდება და მზის აქტივობა ე. წ. მზის მაქსიმუმამდე აღწევს, შემდეგ კი იკლებს და პოლუსების შემდეგი გადანაცვლებისთვის ემზადება.
ზოგადად, მზის მინიმუმს მზის აქტივობაზე ფრთხილი დაკვირვებით ადგენენ და ამ ფაქტის შესახებ მხოლოდ მისი დადგომის შემდეგ ხდება ცნობილი. ამ საზომით, ყველაზე ბოლოს მზის მინიმუმი 2019 წლის დეკემბერში დადგა. ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით მზის 25-ე ციკლში მას შემდეგ, რაც ამის აღრიცხვა დაიწყეს და მზის მაქსიმუმისკენ მივემართებით.
NASA-ს და NOAA-ს მონაცემებით, ეს მაქსიმუმი საკმაოდ მშვიდი იქნება და მზის ლაქები პიკს, 115 ლაქას 2025 წლის ივლისში მიაღწევს. ეს კი ძალიან ჰგავს 24-ე ციკლს, რომლის პიკიც 114 ლაქა იყო.
თუმცა, მაკინტოში და მისი კოლეგები სხვანაირად ფიქრობენ. 2014 წელს მან და მისმა კოლეგებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომელშიც ისინი მზეზე 22-წლიან ციკლში დაკვირვებას აღწერდნენ.
დიდი ხანია, ეს პერიოდი მზის სრულ ციკლად მიიჩნევა, როდესაც პოლუსები თავიანთ საწყის პოზიციებს უბრუნდებიან, მაგრამ მაკინტოშმა რაღაც საინტერესო შენიშნა. 20 წლის განმავლობაში მიმდინარე დაკვირვებისას, კორონარული კაშკაშა წერტილების სახელით ცნობილი უკიდურესი ულტრაიისფერი სინათლის ანთებები პოლუსებიდან ეკვატორისკენ გადაადგილდებოდნენ და შუაში ერთმანეთს ხვდებოდნენ.
ისე ჩანდა, რომ შუა განედებისკენ ამ კაშკაშა წერტილების გადაადგილება მზის აქტივობას ემთხვეოდა.
მაკინტოშს სჯერა, რომ ეს კაშკაშა წერტილები დაკავშირებულია მზის გარშემო შემოხვეულ მაგნიტური ველის ზოლებთან, რომლებიც ყოველ 11 წელიწადში პოლუსებიდან ეკვატორისკენ ვრცელდება.
იმის გამო, რომ მათ საპირისპირო პოლარობა აქვთ, როდესაც შუაში ერთმანეთს ხვდებიან, ერთმანეთს აუქმებენ, რასაც მკვლევრები „ტერმინატორს“ უწოდებენ. ტერმინატორის ასეთი მოვლენები მზის ერთი მაგნიტური ციკლის დასასრულს და ახლის დასაწყისს აღნიშნავს.
თუმცა, ამას ყოველთვის ერთი და იგივე დრო არ სჭირდება. ზოგჯერ ეს ზოლები შუა განედებთან მიღწევისას სუსტდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერმინატორის მოვლენებს შორის დროის ხანგრძლივობა ცვალებადია. გარდა ამისა, ჯგუფმა შენიშნა, რომ არსებობს კავშირი ტერმინატორებს შორის დროის ხანგრძლივობასა და მისი შემდგომი მზის მაქსიმუმის სიძლიერეს შორის.
„როდესაც ტერმინატორის მოვლენებზე 270-წლიან დაკვირვებათა ისტორიას ჩავხედეთ, დავინახეთ, რომ რაც უფრო დიდი დროა ტერმინატორებს შორის, მით უფრო სუსტია შემდეგი ციკლი. და პირიქით, ტერმინატორებს შორის მოკლე დრო ძლიერ შემდეგ ციკლს ნიშნავს“, — ამბობს მერილენდის უნივერსიტეტის ასტრონომი ბობ ლიმონი.
ტერმინატორებზე დაყრდნობით ისტორიაში აღრიცხული ყველაზე გრძელი ციკლია მე-4 ციკლი, რომელიც 15 წელიწადს გაგრძელდა. მას მოჰყვა ე. წ. დალტონის მინიმუმი — პიკში მხოლოდ 82 ლაქის მქონე მე-5 ციკლი, რომელიც 14 წელიწადს გაგრძელდა; მე-6 ციკლში კი პიკში 81 ლაქა იყო.
თუმცა, 11 წელიწადზე ნაკლები პერიოდის მქონე ციკლებს მოსდევს მაქსიმუმი 200-ზე მეტი მზის ლაქით.
მაკინტოშის ჯგუფის საზომით, საკმაოდ გრძელი იყო 23-ე ციკლი, რომელიც თითქმის 13 წელიწადს გაგრძელდა. 24-ე ციკლი კი იმაზე მშვიდი იყო, ვიდრე პროგნოზი მიუთითებდა. ამავე დროს, ის საკმაოდ ხანმოკლეც იყო, 10-წლიანი. თუ ჯგუფის ანალიზები სწორია, 2020-იანი წლების შუაში მზეზე ბევრ ლაქას უნდა ველოდოთ.
ამის გარკვევის მხოლოდ ერთი გზა არსებობს — დაველოდოთ და ვნახოთ. თუმცა, მაკინტოში და მისი ჯგუფი მზის აქტივობის მათეულ ინტერპრეტაციაში დარწმუნებულია. და თუ ისინი არ ცდებიან, ხელში ჩაგვივარდება სრულიად ახალი ხელსაწყო მზის მოქმედების გასაგებად.
„როდესაც ისტორიულ ჩანაწერებში ტერმინატორებს გამოავლენ, მახასიათებელი აშკარა ხდება. სუსტი ლაქებით გამორჩეული 25-ე ციკლი, როგორც ამას პროგნოზირებენ, სრული გადაცდომა იქნება იმ ყველაფრიდან, რაზეც ამ ეტაპზე მიუთითებს ისტორიული მონაცემები“, — ამბობს აშშ-ის ატმოსფერული კვლევების ეროვნული ცენტრის მზის ფიზიკოსი სკოტ მაკინტოში.
კვლევა ჟურნალ Solar Physics-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.ucar.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.