დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერს მუსტაფა ემრე ჩაბუქს მთავარ პროკურატურაში დღეს გამოკითხავენ. როგორც პირველ არხს ჩაბუქის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის გამოკითხვა დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვის მოთხოვნას უკავშირდება.
აღნიშნული მოთხოვნით, ჩაბუქმა და მისმა ადვოკატმა მთავარ პროკურატურას დღეს მიმართეს.
კონკრეტულად რომელ საათზე მივა უწყებაში ჩაბუქი, ჯერ ცნობილი არ არის.
როგორც ჩაბუქმა დღეს განაცხადა, არსებობს გარკვეული საფრთხეები, რომელზეც ხმამაღლა ვერ ისაუბრებს, თუმცა საჭიროდ მიიჩნევს მიმართოს შესაბამის სამსახურებს, რომ მის ოჯახთან ერთად, გარკვეული დროით, დაცვის სახელმწიფო პროგრამაში თავადაც ჩართონ.
დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი საქართველოში თურქეთის მოთხოვნით, 2017 წლის 24 მაისს დააკავეს. მას ბრალად ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება, რომელიც, თურქეთის ხელისუფლების აზრით, ფეთჰულა გიულენთანაა კავშირში. გიულენს კი, თურქეთში გადატრიალების მოწყობაში ადანაშაულებენ. ჩაბუქს 19 თებერვალს, წინასაექსტრადიციო პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა. ახლა კი, სასამართლომ მისი ექსტრადირების საკითხზე უნდა იმსჯელოს.