Muscat Daily - ომანელი ტურისტები საქართველოში არ შეუშვეს
Muscat Daily - ომანელი ტურისტები საქართველოში არ შეუშვეს

ომანელი ტურისტები საქართველოში არ შეუშვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ომანული გამოცემა Muscat Daily ავრცელებს.

“მოგზაურები ომანიდან, რომლებიც საქართველოში შვებულების გატარებას აპირებენ შესაძლოა, ორჯერ დაფიქრდნენ. გასულ კვირას საქართველოში შვებულების ჩასატარებლად ჩასული ექვსი ომანელი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაადეპორტეს. მათ ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს იმის მიუხედავად, რომ ისინი საჭირო დოკუმენტებით მგზავრობდნენ“, – წერს გამოცემა.

გამოცემა ერთ-ერთ მგზავრს სალეჰ ალ საიფის ესაუბრა, რომლის თქმითაც, ისინი თბილისის აეროპორტში 18 აპრილს ჩავიდნენ, თუმცა მათ ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს.

როგორც სალეჰ ალ საიფი გამოცემასთან ჰყვება, ქართულ მხარეს ქვეყანაში შესვლაზე უარის მიზეზი არ განუმარტავს.

„ჩვენ მიზეზი ვიკითხეთ, თუმცა პასუხი არ მივიღეთ. ამის შემდეგ აეროპორტში საჩივარი დავწერეთ“, – ამბობს ალ საიფი.

„ხალხს ვურჩევ, არ გაემგზავრონ ამ ქვეყანაში ამჟამად. ყველა საჭირო დოკუმენტითაც კი, ქვეყანაში შესვლა გარანტირებული არ არის. კიდევ ერთი პრობლემა კი ის იყო, რომ ჩვენ არ მოგვცეს საშუალება, დავლაპარაკებოდით სხვა ვინმეს, ოფიციალურ პირს ან ავიაკომპანიას ბილეთების ხელახლა დასაჯავშნად“, -აღნიშნავს ომანელი მგზავრი.

გამოცემა Muscat Daily დაუკავშირდა საუდის არაბეთის საელჩოს საქართველოში, რომელიც ომანის მოქალაქეებს ემსახურება.

საელჩოში განმარტეს, რომ ომანის მოქალაქეებს საქართველოში ვიზის გარეშე ჩასვლა და იქ ერთი წლით დარჩენა შეუძლიათ. მათ უნდა ჰქონდეთ მოქმედი პასპორტები, უკან დასაბრუნებელი ბილეთები, დაჯავშნული სასტუმრო, საბანკო ამონაწერი და ჯანმრთელობის დაზღვევა.

საელჩოში ასევე აღნიშნეს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში საიმიგრაციო წესები გამკაცრდა, თუმცა ვერ განმარტეს, რატომ გააბრუნეს ზოგიერთი მგზავრი ქვეყნიდან.

„საიმიგრაციო წესები გამკაცრდა თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში. ზოგიერთი მგზავრი არ შეუშვეს ქვეყანაში და უკან გააბრუნეს კომპენსაციის გარეშე. საბოლოო გადაწყვეტილებას აეროპორტის ხელმძღვანელობა იღებს. მგზავრებს ყველა საჭირო დოკუმენტებიც რომ ჰქონდეთ, ეს არ არის გარანტია, რომ მათ ქვეყანაში შეუშვებენ. საელჩოს ამაზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება. მხოლოდ ომანელები არ არიან, ვისაც ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს, არამედ მრავალი სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც, მათ შორის საუდის არაბეთის, პაკისტანის ინდოეთისა და აშშ-ის”, – განაცხადეს საუდის არაბეთის საელჩოში.

როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული მოქალაქეების ქვეყანაში შეშვება არ მოხდა, რადგან მათ საბუთები არ ჰქონდათ მოწესრიუგებული. 

უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა ქვეყანაში რეგულირდება საქართველოს კანონით უცხოელთა და საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირთა მდგომარეობის შესახებ.