მურთაზ ზოდელავა ფიქრობს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლოში დაბარება 8 მარტის შეთანხმების ჭრილში უნდა განიხილებოდეს
ირაკლი ოქრუაშვილი კვლავ დაიბარეს სასამართლოში რაც ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს შიში და ეცდება გამოიყენოს ყველა ბერკეტი, რომელიც მას დასავლეთმა აუკრძალა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მურთაზ ზოდელავამ განაცხადა.
როგორც მურთაზ ზოდელავამ აღნიშნა, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლოში დაბარება უნდა განიხილებოდეს 8 მარტის შეთანხმების ჭრილში.
„8 მარტის შეთანხმება არ შესრულებულა. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის თანაბრად მნიშვნელოვანი იყო როგორც სახელი და გვარები, ასევე ის, რომ ეს ბერკეტი ჩამოერთმია ხელისუფლებისთვის, რადგან ამ პირობის შესრულება ბოლომდე არ მოხდა. ივანიშვილი ცდილობს, რომ ბოლომდე გამოიყენოს ეს ბერკეტი, მათ შორის მაშინ, როდესაც პოლიტიკურად არის გაკოტრებული და არჩევნები კარზეა მომდგარი. მან ზუსტად იცის, რომ საჯარო პოლიტიკით ის ელექტორატს ვერ მოიგებს და ამიტომ იტოვებს ამ ბერკეტს. ოქრუაშვილის დაბარება სასამართლოზე, ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს შიში და ეცდება გამოიყენოს ყველა ბერკეტი, რომელიც მას დასავლეთმა აუკრძალა. ეს ძირითადად მთავრდება ხოლმე სანქციებით. ჩვენ ვნახავთ, რომ დასავლეთი იქნება ისეთივე ადეკვატური, როგორიც ის იყო ბოლო პერიოდში და აგრძნობინებენ ივანიშვილს, რომ რაც აიკრძალა, აიკრძალა ნამდვილად და ეს არ იყო თამაში“, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
განცხადება ამ თემაზე ოპოზიციური პარტიების ნაწილმა გაავრცელა, სადაც აღნიშნავენ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლოში დაბარება ძველი საქმეების გაცოცხლებაა. განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, რა საქმეზეა საუბარი, თუმცა ცნობილია, რომ 22 ივლისს ირაკლი ოქრუაშვილი ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზეა დაბარებული.