კომპანიები, რომლებიც მოსახლეობისგან თანხებს იზიდავენ, ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მოექცევიან
კომპანიები, რომლებიც მოსახლეობისგან თანხებს იზიდავენ, ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მოექცევიან

თუ კომპანია, დაწესებულება ან იურიდიული პირი ეროვნულ ბანკში არ არის რეგისტრირებული, როგორც ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან საკრედიტო კავშირი, მას არ ექნება უფლება მოიზიდოს მოსახლეობისგან თანხები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი საქმიანობა მეწარმის მხრიდან ჩაითვლება სისხლის სამართლებრივ დანაშაულად, ანუ იქნება კრიმინალიზებული, – ამის შესახებ „მოამბესთან” საუბარში ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ განაცხადა.

საუბარია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესულ ახალ რეგულაციაზე, რომლის თანახმად,  2018 წლის 11 მარტიდან, მეწარმე სუბიექტს ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფს ეკრძალება 20-ზე მეტი ფიზიკური პირისაგან დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვა.

მურთაზ კიკორიას განცხადებით,  აღნიშნული რეგულაციის მიზანია, საფინანსო სექტორში, მოსახლეობის მიერ თანხების შეტანა გახდეს გაცილებით უსაფრთხო.

როგორც კიკორიამ „მოამბესთან“ საუბარში აღნიშნა, ახალი რეგულაციით და ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მოქცევით, კომაპნიებს, რომლებიც მოსახლეობისგან თანხებს იზიდავენ, მოუწევთ მათი საქმიანობის მაქსიმალურად გამჭირვალედ წარმართვა და რეალური ფინანსური მდგომარეობის წარმოჩენა.

„ეს არის ფინანსურ სექტორში, ბანკებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში და ასევე იმ იურიდიულ პირებში, რომლებიც ხშირად დასახელებაში იყენებენ საფინანსო, საკრედიტო ან მსგავს დაწესებულებებს, ისინი ამ ცვლილებამდე არ წარმოადგენდნენ ფინანსურ ინსტიტუტებს და შესაბამისად ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ არ ექცეოდნენ. ანუ მას შემდეგ რაც ეს კანონი ძალაში შევიდა, ასეთი ტიპის ორგანიზაციებს მოუწევთ რეგისტრაცია ეროვნულ ბანკში, მათზე გავრცელდება ზედამხედველობა, რაც ნიშნავს, რომ ასეთი ტიპის კომპანიების საქმიანობა იქნება გაცილებით უსაფრთხო და ურისკო, ვინაიდან მათ მოუწევთ თავიანთი რეალური ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის გამჭვირვალედ წარმართვა“, – აღნიშნა “მოამბესთან” საუბარში ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ.

შეკითხვაზე, ემსახურება თუ არა ახალი რეგულაცია მოსახლეობის ე.წ ფინანსური პირამიდებისგან დაცვას, მურთაზ კიკორიამ აღნიშნა, რომ ნაწილობრივ საკანონმდებლო ცვლილების მიზანი ესეც იყო, თუმცა აქვე განმარტა, რომ კონკრეტულად ამ მიმართულებით, ეროვნული ბანკი მთავრობასთან ერთად მუშაობს კანონმდებლობის შესაბამისი მოთხოვნების დადგენაზე.

„რაც შეეხება პირამიდებს, ხშირად პირამიდებში გულისხმობენ ე.წ მარკეტინგის ტიპის დაწესებულებებს. იქ არის აბსოლუტურად სხვა სიტუაცია, იმიტომ რომ ასეთი კომპანიები არ ახორციელებენ დაბრუნებადი სახსრების მოზიდვას, არამედ როგორც წესი, საქონლის გაყიდვის ან მსგავსი ოპერაციებით ფუნქციონირებენ და  წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ მთავრობასთან ერთად მიდის მუშაობა კანონდმებლობის შესაბამისი მოთხოვნების დადგენაზე, რომ ეს ნაწილიც დაფარული იყოს”, – აღნიშნა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ყველა მეწარმე სუბიექტი, რომლებზეც ვრცელდება ორგანული კანონით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული შეზღუდვა, ვალდებულია, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით, 2018 წლის 11 მარტამდე, დარეგისტრირდეს ან მიიღოს შესაბამისი ლიცენზია საქართველოს ეროვნულ ბანკში.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტს დაეკისრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, 192 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.