მთვარის შემდეგ, რამდენიმე დღეში, ინდოეთი კოსმოსურ ხომალდს მზისკენაც გაუშვებს — #1tvმეცნიერება
რამდენიმე დღის წინ, ინდოეთი მსოფლიოს პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ხომალდი დასვა მთვარის დიდწილად შეუსწავლელ სამხრეთ პოლუსთან. ინდოეთის კოსმოსური სააგენტო იუწყება, რომ ისინი თანამგზავრს ამჯერად მზის შესასწავლად გაუშვებენ.
„2 სექტემბერს, ინდოეთი მზის შესასწავლად გაუშვებს კოსმოსურ ობსერვატორია Aditya-L1-ს“, — წერს ინდოეთის კოსმოსური კვლევების ორგანიზაცია (ISRO).
Aditya ჰინდიზე „მზეს“ ნიშნავს და ორბიტაზე იმოძრავებს დედამიწიდან დაახლოებით 1,5 მილიონი კილომეტრის მანძილზე, საიდანაც მზის უწყვეტად მკაფიო ხედი ექნება.
„ამის გამო, დიდი უპირატესობა გვექნება, რათა რეალურ დროში დავაკვირდეთ მზის აქტივობასა და ამის გავლენას კოსმოსურ ამინდზე“, — აღნიშნავს ISRO.
კოსმოსური ხომალდი შვიდი ინსტრუმენტით დააკვირდება მზის ყველაზე გარე ფენებს, რომელსაც ფოტოსფეროს და ქრომოსფეროს უწოდებენ; ამისათვის გამოიყენებს ელექტრომაგნიტურ და ნაწილაკთა ველის დეტექტორებსაც.
ხომალდი შეისწავლის კოსმოსური ამინდის განმაპირობებლებს, მათ შორის, შეეცდება, უკეთესად გაარკვიოს მზის ქარის დინამიკა.
მიუხედავად იმისა, რომ მზის შესასწავლი ორბიტერები წარსულში NASA-ს და ევროპის კოსმოსურ სააგენტოსაც (ESA) ჰქონდათ, ეს ინდოეთისათვის პირველი ასეთი მისია იქნება.
რამდენიმე დღის წინ, მთვარის ზედაპირზე დაეშვა ხომალდი ჩანდრაიან-3, რის შედეგადაც, ინდოეთი მეოთხე ქვეყანა გახდა მსოფლიოში, რომელმაც მთვარეზე მისია წარმატებით დასვა. აქამდე ეს მხოლოდ აშშ-მ, საბჭოთა კავშირმა და ჩინეთმა შეძლეს.
ინდოეთს საკმაოდ ამბიციური, მაგრამ ბიუჯეტური კოსმოსური პროგრამა აქვს, რომელიც მნიშვნელოვნად გაიზარდა 2008 წლის შემდეგ, როცა მან მთვარის ორბიტაზე პირველი ზონდი გაგზავნა.
ექსპერტთა განცხადებით, ინდოეთის ნაკლებ ხარჯებს განაპირობებს უკვე არსებული ტექნოლოგიების კოპირებითა და მორგებით; ამაში ხელს უწყობს ბევრი ძლიერ განსწავლული ადგილობრივი ინჟინერიც.
2014 წელს, ინდოეთი პირველი ქვეყანა გახდა აზიაში, რომელმაც კოსმოსური ხომალდი მარსის ორბიტაზე გაიყვანა. მომავალ წელს კი სამდღიანი ეკიპაჟიანი მისიის გაშვებას გეგმავს დედამიწის ორბიტაზე.
ამას გარდა, 2025 წლისთვის ინდოეთი იაპონიასთან ერთად გეგმავს მთვარეზე კიდევ ერთი ზონდის გაგზავნას, 2027 წლისთვის კი ორბიტულ მისიას ვენერაზე გაუშვებს.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.