მტირალას ეროვნულმა პარკმა ტიტული „საქართველოს წამყვანი ეროვნული პარკი 2020“ მოიპოვა
მსოფლიო ტურიზმის 2020 წლის World Travel Awards-ის რიგით 27-ე დაჯილდოებაში, მტირალას ეროვნულმა პარკმა ტიტული „საქართველოს წამყვანი ეროვნული პარკი 2020“ მოიპოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის ჯილდოს მისაღებად, მტირალას ეროვნულ პარკს კონკურენციას უწევდნენ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, კოლხეთის ეროვნული პარკი და ლაგოდეხის ეროვნული პარკი.
მტირალას ეროვნული პარკისთვის ხმის მიცემა 24 სექტემბრამდე მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ნებისმიერ მსურველს ღონისძიების ოფიციალურ საიტზე შეეძლო.
World Travel Awards-ის დაჯილდოება 1993 წლიდან ტარდება და მისი მიზანია, გამოავლინოს საუკეთესო ტურიზმის ინდუსტრიის ყველა სექტორიდან. ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი, კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით, სხვადასხვა კატეგორიაშია გადანაწილებული. ეს კატეგორიებია: წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციონები, მიმართულებები, ტუროპერატორები, აგრეთვე, საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები და სხვ.
„მტირალას ეროვნული პარკი, რომელიც ბათუმიდან 30 კმ-ში მდებარეობს, 2007 წელს შეიქმნა. საქართველოში, ის ყველაზე ნალექიანი ადგილია და სწორედ ამიტომ ჰქვია მას „მტირალა“. პარკის ტერიტორია უნიკალური ტყითა და ბუჩქნარითაა დაფარული. მტირალას ეროვნული პარკი ვიზიტორებს მრავალფეროვან ეკოტურისტულ სერვისებს სთავაზობს“, – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.