მთაწმინდის ნომერ პირველი საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე გიორგი ზირაქაშვილის განცხადებით, ოლქში საარჩევნო პროცესმა ინციდენტების გარეშე ჩაიარა.
რაც შეეხება აქტივობას, 38 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 52321 ამომრჩევლიდან საკუთარი არჩევანი 50%-ზე მეტმა გააკეთა.
„ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა 20:00 საათზე, აქტივობა არის 50,6%. რაც შეეხება საჩივრებს, ამ ეტაპზე რეგისტრირებულია 18, რაც ძირითადად მოიცავს მარკირებული ამომრჩევლის არშეშვებას. ასევე არის საჩივრები, როდესაც დილის წილისყრაში არ მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნულმა კომისიის წევრებმა. ეს არის ძირითადი საჩივრები, რომლებიც შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს“, – განაცხადა გიორგი ზირაქაშვილმა.
ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს.