მთაწმინდის მაჟორიტარის ასარჩევად პარლამენტის შუალედური არჩევნები მაისში გაიმართება
მთაწმინდის მაჟორიტარის ასარჩევად პარლამენტის შუალედური არჩევნები მაისში გაიმართება

საქართველოს პარლამენტში მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად პარლამენტის შუალედური არჩევნები მაისში გაიმართება.

სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემდეგ, პარლამენტს წარმომადგენლობის შესავსებად შუალედური არჩევნების ჩატარება მოუწევს, რადგან სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოში მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

საარჩევნო კოდექსის 129-ე მუხლის მიხედვით, საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება მაისში ან ოქტომბერში, თარიღის დანიშვნა კი იმაზეა დამოკიდებული, თუ როდის შეუწყდა დეპუტატს უფლებამოსილება. თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე შეუწყდა, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, არჩევნები ტარდება უახლოეს მაისში.

შუალედური არჩევნები 2019 წლის მაისში მხოლოდ მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდება.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოში გუშინ გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე დათვლილია ყველა უბანი. სალომე ზურაბიშვილს ამომრჩეველთა ხმების 59, 52% აქვს, რაც რაოდენობრივად არის 1 147 627 ხმა.