საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვარზე შეზღუდვები დაწესდა და იტალიასთან ფრენები დროებით შეჩერდა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საზღვარზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დაწესდა და იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა. საბჭოს სხდომაზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ცხრა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მსოფლიოში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ. სხდომაზე აღინიშნა, რომ ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
საკოორდინაციო საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე კარანტინში რჩება 162 ადამიანი.
„დღეს საბჭოს წევრებმა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს – საქართველოს საზღვრის კვეთისას გარკვეული შეზღუდვები დაწესდა, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, კერძოდ: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებისას საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროს დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და გაიაროს 14-დღიანი სავალდებულო საკარანტინო პროცედურა. ასევე საქართველოში ჩამომსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ან მოემგზავრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების გავლით, ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებული არიან, გაიარონ 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა; ან საზღვარზევე უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების PCR-ცნობა, რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში, სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავცრელებულ ინფორმაციაში.
ასევე, დროებით შეჩერდება პირდაპირი ფრენები იტალიასთან.
საქართველოს მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში – ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია, ირანი, მოგზაურობისგან.
მთავრობის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით, სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს.
დღევანდელ სხდომაზე კვლავ აღინიშნა, რომ ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს და მთავრობა სრულად მართავს პროცესს.