შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით თბილისში აქცია მიმდინარეობს
თბილისში შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ჯერ მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ შეიკრიბნენ, სადაც შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საპარლამენტო კომიტეტის შექმნა, ასევე მერიის მიერ დედაქალაქში ყველა მიმდინარე მშენებლობის დაუყოვნებლივ შემოწმება მოითხოვეს. ამასთან, მათი მოთხოვნაა, 21:00 საათზე აქციაზე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულია, ასევე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მივიდნენ.
მთავრობის ადმინისტრაციის შემდეგ აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ მსვლელობით დაიძრნენ, სადაც გუშინ სამშენებლო ობიექტზე უბედური შემთხვევა მოხდა.
„სახელმწიფოს ინტერესები ადამიანზე მაღლა დგას და სახელმწიფო პასუხისმგებლობას არ იღებს ამ მკვლელობაზე. სახელმწიფომ უნდა შექმნას ჰუმანური პოლიტიკა. აქციაზე ჩვენ ველოდებით მამუკა ბახტაძეს, გიორგი ქობულიას და დავით სერგეენკოს, მოვიდნენ და გაგვცენ პასუხი ამ შემთხვევებზე. ასევე მივდივართ შემთხვევის ადგილზე. გუშინ იქ მთავრობის არც ერთი წევრი მოსულა და არ გამოუხატავთ თანადგომა. დღეს მაინც მოვიდნენ და გვითხრან, როგორ აპირებენ ამ მდგომარეობის გამოსწორებას“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, სოლიდარობის ქსელის წარმომადგენელმა, ნენო ჩარკვიანმა.
აქციას „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“, ასევე დამოუკიდებელი პროფკავშირები „ერთობა 2013-ის“ წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე გუშინ მიწა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მომხდარიდან ცოტა ხნის შემდეგ მიწის ქვეშ მოყოლილი ერთი მუშა დაღუპული იპოვეს, მეორე მამაკაცის ცხედარს კი, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს.