მთავრობის ადმინისტრაციასთან „მესტია-ჭალა ჰესის“ მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით აქცია გაიმართა
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან „მესტია-ჭალა ჰესის“ მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით აქცია გაიმართა.
გარემოსდამცველებისა და სვანეთის მოსახლეობის ნაწილი მშენებლობის შეწყვეტას მოითხოვს და ხელისუფლებას წინასაარჩევნო დაპირებას ახსენებს. აქციის მონაწილეების განცხადებით, მთავრობას ქვეყნის ეკოლოგიაზე უნდა ეზრუნა და უარი ეთქვა მასშტაბურ სამუშაოებზე.
„ჩვენ იძულებულები გავხდით ბზობა დღეს აქ შევკრებილიყავით, რათა დავგმოთ გუშინ მესტიაში მომხდარი ძალადობის ფაქტი, როცა სპეცრაზმის ძალით ეცადნენ უკანონო მშენებლობა განეახლებინათ მესტია-ჭალაჰესზე. გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები, უნდა დაიცალოს სვანეთი სპეცრაზმელებისგან, უარი თქვას სახელმწიფომ ისეთ მიუღებელ მშენებლობებზე, რომლებიც აზიანებს მოსახლეობას, ამცირებს ტურისტულ პოტენციალს და ანადგურებს კულტურულ მემკვიდრეობას.
14 აპრილს ვგეგმავთ დიდი აქციის მოწყობას, სადაც ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენს მოთხოვნებს”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ლაშა ჩხარტიშვილმა.
აქციის მონაწილეების თქმით, „მესტია-ჭალა ჰესის“ პროექტი უკანონოდ დამტკიცდა და დოკუმენტების შესწავლამდე სამუშაოები კომპანიამ არ უნდა გააგრძელოს.
ისინი შესაბამის ორგანოებს მოუწოდებენ, შეისწავლონ ოფიციალური დოკუმენტაცია და დაადგინონ, ადგილი აქვს თუ არა გადაცდომას. საბოლოო დასკვნის მომზადებამდე კი შეწყდეს სამუშაოები.