მესტიაში აქციის მონაწილეებმა სპეცტექნიკას ჰესის ტერიტორიაზე შესვლის საშუალება მისცეს
მესტიაში აქციის მონაწილეებმა სპეცტექნიკას ჰესის ტერიტორიაზე შესვლის საშუალება მისცეს

მესტიაში აქციის მონაწილეებმა „მესტია-ჭალა ჰესის“ კუთვნილ სპეცტექნიკას ჰესის ტერიტორიაზე შესვლის საშუალება მისცეს.

როგორც აქციის მონაწილეებმა პირველ არხს განუცხადეს, მოლაპარაკებები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძესა და სხვა ოფიციალურ პირებთან რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ადგილობრივების განცხადებით, სპეცტექნიკა ჰესის ტერიტორიაზე იმ პირობით შეუშვეს, რომ ადგილზე ტექნიკა დაიცლება, ხოლო სამუშაოები არ გაგრძელდება და ტერიტორიიდან პერსონალს გაიყვანენ.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის კომენტარს, მისი თქმით, აქციის მონაწილეებთან შეთანხმებას მიაღწიეს.

„მოლაპარაკება შედგა. შეთანხმება მიღწეულია. საკითხი გადაწყდება ქვეყნის სასიკეთოდ“, – განაცხადა კახაბერ საბანაძემ.

მესტიაში აქცია ორი დღეა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს გზა ჰქონდათ გადაკეტილი და ტექნიკას გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.