„სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობა“ - „მესტია-ჭალა ჰესის“ სამშენებლო სამუშაოები სრულიად შეჩერებულია
„სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობა“ - „მესტია-ჭალა ჰესის“ სამშენებლო სამუშაოები სრულიად შეჩერებულია

„სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობის“ აქცია მესტიაში გრძელდება.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, დავით გულბანმა პირველ არხს განუცხადა, ამ დროისთვის სამშენებლო სამუშაოები სრულიად შეჩერებულია. მისივე თქმით, „მესტია-ჭალა ჰესის“ მშენებელმა კომპანიამ გარკვეული სამუშაოების დასრულებაზე თანხმობა მიიღო.

„დღეს შედგა შეხვედრა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, აქციის მონაწილეებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის. კომპანიამ ითხოვა საკონსერვაციო სამუშაოების ნებართვა. ახალგაზრდული მოძრაობის წევრებმა, მუნიციპალიტეტისა და კომპანიის წარმომადგენლებმა ერთობლივად დაათვალიერეს სამშენებლო ტერიტორია. კომპანიამ ითხოვა, უსაფრთხოების მიზნით, რიგი სამუშაოების დასრულება. ლაპარაკია წყლის დონის მზომებზე, მეწყერული უბნის საყრდენი კედლის ჩასხმაზე და ა.შ. ამ სამუშაოების დასრულებაზე „სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობის“ წევრების მხრიდან მიიღო თანხმობა“, – განაცხადა დავით გულბანმა.

„სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობა“ ხვალ ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას და საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს. ორგანიზაციის წევრების თქმით, ისინი ახალ სამუშაო სტრატეგიას წარადგენენ.

35 ჰესის მშენებლობისა და ინდუსტრიული მასშტაბებით ოქროს წარმოების შეჩერების მოთხოვნით, უკვე მესამე დღეა მესტიაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მშენებარე „მესტია-ჭალა ჰესის“ მიმდებარედ, „სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობის“ ორგანიზებით, აქციის მონაწილეებს ხეობისკენ მიმავალი გზა ამ დრომდე გადაკეტილი აქვთ. ისინი ჰესის მშენებლობის კუთვნილ ავტომობილებს და იქ მომუშავე პერსონალს არ ატარებენ.