მთავრობის ადმინისტრაცია - პრემიერ-მინისტრი ტყიბულიდან ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში იღებს
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში, კოორდინირებულად მუშაობს.
„ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, წინასწარი ინფორმაციით, ე.წ. „სამთო დარტყმა” მოხდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა სამი მეშახტე. ორ მათგანს გამოკვლევები და შესაბამისი მკურნალობა ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში უტარდება, ხოლო ერთს – ტყიბულის კლინიკაში.
მომხდართან დაკავშირებით ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში, კოორდინირებულად მუშაობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის დეპარტამენტის უფროსი და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. მაღაროში იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, მინდელის შახტის სამთო მაშველებთან ერთად, მუშაობენ შემთხვევის ადგილიდან ცხედრების ამოსაყვანად. ადგილზე იმყოფებიან იმერეთის სამხარეო სამაშველო ჯგუფები, ასევე, თბილისის სამაშველო ბაზიდან ტყიბულში გაემგზავრა სამთო მაშველების 14-კაციანი ჯგუფი.
შემთხვევის ადგილზე ასევე მუშაობენ ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, ჯანდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმერეთის გუბერნიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჯგუფები.
პრემიერ-მინისტრი მუდმივ რეჟიმში იღებს ინფორმაციას დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ტყიბულში განვითარებული მოვლენების შესახებ.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო“, – ნათქვამია განცხადებაში.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში დღეს გამთენიისას უბედურ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.