მთავრობამ „კოვიდ-19“-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა
მთავრობამ „კოვიდ-19“-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ „კოვიდ-19“-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მთავრობას წარედგინა „კოვიდ-19“-ის ვაქცინის ეროვნული გეგმა და შესაბამისად, დამტკიცდა.

თამარ გაბუნია დეტალურ პრეზენტაციას გააკეთებს, თუ რა მნიშვნელოვან პუნქტებს მოიცავს გეგმა. შესაბამისად, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, თუ რა არის ჩვენი ხედვა და როგორ მოხდება ვაქცინის შესყიდვა, ასევე, რომელი ტიპის ვაქცინები იქნება არჩეული და შემოტანილი საქართველოში. შემდეგ ჩვენი ცივი ჯაჭვების საშუალებით როგორ მოხერხდება სხვადასხვა ვაქცინის როგორც ლოჯისტიკა, ასევე მოსახლოების ფენებამდე მიტანა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ გეგმის მიხედვით 2021 წლის ბოლომდე საქართველოში აცრილი უნდა იყოს მოქალაქეების სულ მცირე 60 პროცენტი. მისივე თქმით, ქვეყანაში აიცრებიან ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან.