მთავრობამ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა
მთავრობამ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა

საქართველოს მთავრობამ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა, რომელიც პარლამენტს უკვე წარუდგინა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ განისაზღვრება ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობის ახალი სახე – აზარტული ან მომგებიანი თამაშების მიწოდება, რაც გულისხმობს არსებითი პროდუქციის/სერვისების მიწოდებას აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორისთვის შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.

პროექტში ნათქვამია, რომ არსებითი პროდუქცია ან სერვისი მოიცავს – შემთხვევითი რიცხვების გენერირების პლატფორმას, ჯეკპოტების პლატფორმას, სათამაშო პლატფორმას, მოთამაშეთა ბაზას და ა.შ.

ამასთან, მთავრობა განმარტავს, რომ ახალი ნებართვის სახის შემოღებასთან დაკავშირებულია ასევე შესაბამისი სანქციების დადგენაც.

კერძოდ, ცვლილებებით დგინდება, რომ აზარტული ან მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელი პირის მიერ სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას – 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში – 10 000 ლარს.

რაც შეეხება შესაბამისი მოსაკრებელის ოდენობას, ის 100 000 ლარით განისაზღვრება.