მთავრობა 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის პრეზენტაციას გამართავს, რის შემდეგაც დოკუმენტს პარლამენტს წარუდგენს
მთავრობა 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის პრეზენტაციას გამართავს, რის შემდეგაც დოკუმენტს პარლამენტს წარუდგენს

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებულ, გადამუშავებულ ვერსიას მთავრობა პარლამენტში დღეს შეიტანს. მანმადე კი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაცია გაიმართება.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მთავრობამ კორექტირებული ბიუჯეტის პარლამენტში შემოტანა დააგვიანა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვნაზაძის განცხადებით, ბიუჯეტში შემცირდება ყველა ის თანხა, რომელიც დაკავშირებული არ არის ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფასთან.

„ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ყველა ის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს კორონავირუსის პირობებში ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ დახმარებას. ასევე არის ჩადებული პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფს სოციალურ დახმარებას ჩვენი მოქალაქეების მიმართ. გარდა ამისა, ბიუჯეტში შესულია ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი. როგორც მოგეხსენებათ, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ჩვენ დაგეგმილი გვქონდა 4,5-პროცენტიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე, მაგრამ იმის გამო, რომ საქართველოში არის ეკონომიკური კრიზისი, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, კორექტირებული ვერსია დაგეგმილი იქნება ეკონომიკის მინუს ოთხპროცენტიან შემცირებაზე. ასევე, შეცვლილია ბიუჯეტის დეფიციტი და იქნება 8,5 პროცენტზე. დანარჩენი ციფრები, ხარჯები, შემოსავლები, ასიგნებები იქნება წარმოდგენილი ჯერ კანცელარიაში, ხოლო შემდეგ პარლამენტში, ბიუჯეტის პრეზენტაციის დროს. ჩვენი კომიტეტი წარმოადგენს განხილვების გრაფიკს, რომელშიც იქნება ჩართული როგორც ყველა კომიტეტი, ასევე ნებისმიერი ფრაქცია, ოპოზიციური, რომელიც წარმოდგენილია პარლამენტში“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.