იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ პროექტი განიხილა.

მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად მონაცემებსა და მიმართულებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მომდევნო წელი დაგეგმილია 5,2%-იანი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, ბიუჯეტის დეფიციტი განსაზღვრულია 2,5%-ის ოდენობით, ხოლო ვალის მოცულობა პროგნოზირებულია მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 38,2%-ის ოდენობით.

გიორგი კაკაურიძის თქმით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 24,161.2 მლნ ლარია, საიდანაც მესამედზე მეტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებებზე დაიხარჯება და აღნიშნული თანხა 7 735,0 მლნ ლარს შეადგენს.

პროექტის თანახმად, იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 400,0 მლნ ლარი, თავდაცვის სამინისტროსთვის – 1 370,0 მლნ ლარი, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის – 1 210,0 მლნ ლარი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის – 205,0 მლნ ლარი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის – 90,0 მლნ ლარი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატისთვის – 4,8 მლნ ლარი, საქართველოს პროკურატურისთვის – 62,9 მლნ ლარი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის – 18,0 მლნ ლარი, სასამართლო სისტემისთვის – 153,7 მლნ ლარი, იურიდიული დახმარების სამსახურისთვის – 11 მლნ ლარი, სახალხო დამცველის აპარატისთვის – 10,5 მლნ ლარი, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის – 7 მლნ ლარი.