2024 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსების მიმართულებით 1.9 მილიარდი ლარია გათვალისწინებული

18:30, 13.12.2023

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2024 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსების მიმართულებით 1.9 მილიარდი ლარია გათვალისწინებული.

მისი თქმით, 2024 წელს განხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 135 კმ-ის მშენებლობა, მათ შორის, მოძრაობა გაიხსნება ჩუმათელეთი-ზესტაფონის (ე.წ. რიკოთის) მონაკვეთზე, რისთვისაც გათვალისწინებულია 365 მლნ ლარი, 150 მლნ ლარზე მეტი მიიმართება სამტრედია-გრიგოლეთის მიმართულებაზე, ასევე, მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება კახეთის მიმართულებით (თბილისი-საგარეჯო და ბაკურციხე-წნორის მიმართულებაზე), რაზეც მიიმართება 320 მლნ ლარი;

ქვეშეთი-კობის მიმართულებით 2024 წელს მიიმართება 250 მლნ ლარი, მათ შორის, დასრულდება ცხრა კმ სიგრძის გვირაბის გაბურღვითი სამუშაოები, საიდანაც, დღეის მდგომარეობით, აღნიშნული სამუშაოები დასრულებულია რვა კმ-მდე მონაკვეთზე;

2024 წელს მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება 900 კმ-მდე გზაზე, საიდანაც დასრულდება 400 კმ-ზე მეტი გზის რეაბილიტაცია.

მსგავსი