მთავარმა პროკურორმა მირზა სუბელიანის გადადგომის შესახებ განცხადება დააკმაყოფილა
მთავარმა პროკურორმა მირზა სუბელიანის გადადგომის შესახებ განცხადება დააკმაყოფილა

თბილისში, 51-ე სკოლასთან ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი მოზარდის მამის, მირზა სუბელიანის განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ დააკმაყოფილა.

ამის შესახებ პირველ არხს პროკურატურიდან აცნობეს.

მირზა სუბელიანი მთავარ პროკურორს სამსახურიდან გათავისუფლების განცხადებით გუშინ მიმართა.

მირზა სუბელიანის თქმით, შვილთან ერთად, რომელიც მისივე თქმით, მომხდარ უბედურებას შეესწრო, პირველ დეკემბერსვე გამოცხადდა პოლიციის სამმართველოში.

“იმის მიუხედავად, რომ ჩემი შვილი ამ საქმეში მოწმეა, რადგან არ მინდა ჩრდილი მიადგეს გამოძიების ობიექტურობას, რაც უპირველეს ყოვლისა ჩემი ოჯახის ინტერესებშია, მივმართავ საქართველოს მთავარ პროკურორს, განცხადებით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე ძალიან მალე დადგინდება და გამოძიება ყველა კითხვას გასცემს ამომწურავ პასუხს”, – აცხადებს სუბელიანი.

ამასთან, გუშინ მირზა სუბელიანთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა მთავარმა პროკურატურამაც და აღნიშნა, რომ  51-ე სკოლასთან ინციდენტში მონაწილე ა.ს.-ს მშობელი პროკურატურის მუშაკია, თუმცა გამოძიებასთან შემხებლობა არ აქვს.