მთავარი პროკურორის პოსტზე კიდევ ერთი კანდიდატი - ნანა რევაზიშვილი წარადგინეს
მთავარი პროკურორის პოსტზე კიდევ ერთი კანდიდატი - ნანა რევაზიშვილი წარადგინეს

„საქართველოს მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა“, „საქართველოს იურისტთა გილდიამ“, „საქართველოს მეწარმეთა კონფედერაციამ“ და აკადემიურმა წრეებმა მთავარი პროკურორობის კანდიდატად იურისტი ნანა რევაზიშვილი წარადგინეს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მისი წარდგინება საპროკურორო საბჭოს საიტზე შესვლისთანავე აიტვირთა. წარდგენილი კანდიდატების ვინაობა, რეკომენდატორი ორგანიზაციები და სხვა დოკუმენტები ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია.

ნანა რევაზიშვილის კანდიდატურა მეოთხეა მთავარი პროკურორის პოსტზე.

პირველი კანდიდატი − პაატა შავაძე, წარდგენილია 18 სხვადასხვა ორგანიზაციისა და პირის მიერ; მეორე კანდიდატი − ზურაბ ჯორბენაძე, მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანება „საქართველომ“ წარადგინა; მესამე – გია ბერძენაძე, წარდგენილია 29 სხვადასხვა ორგანიზაციისა და პირის მიერ.

საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე ყველა კანდიდატურის წარდგინება და მონაცემები აიტვირთება. დაინტერესებულ პირებს შესაბამისი ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ ელექტრონულ მისამართზე.

კანონის შესაბამისად, მთავარ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ, პროკურორად ან საერთო, ან სისხლის სამართლის სპეციალიზაციით სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, ან რომელიც არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი სასწავლებლიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან და, რომელსაც აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება.

იუსტიციის მინისტრმა − საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ, მთავარი პროკურორის შესარჩევად საჯარო კონსულტაციები 4 ივნისს დაიწყო. აკადემიურ წრეებს, სამართლის დარგის სპეციალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს კანონით გათვალისწინებული წესით პროკურორობის კანდიდატების წარდგენა შეუძლიათ. კონსულტაციების მიმდინარეობის ერთთვიან პერიოდში მინისტრისთვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას, აკადემიური წრეების დაინტერესებულ წარმომადგენელს ან/და სამართლის დარგის სპეციალისტს. კონსულტაციების შედეგად იუსტიციის მინისტრი კანონით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევს და საპროკურორო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავარი პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. მთავარი პროკურორობის კანდიდატების შესახებ წარდგინება უნდა დასაბუთდეს.

იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარულია. დამტკიცებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს მთავრობას. მთავრობა კი, ორი კვირის ვადაში თანხმობას აცხადებს ან უარს ამბობს მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე. თუ საქართველოს მთავრობა იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე თანხმობას განაცხადებს, აღნიშნული კანდიდატურა დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს. პარლამენტი ფარული კენჭისყრით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს მთავარ პროკურორს.

მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა 31 მაისს დატოვა.  მისი გადადგომა ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას უკავშირდება.