შალვა თადუმაძე - დავიცავ კანონს და ანგარიშგების ნებისმიერ ფორმატზე თანახმა ვარ
შალვა თადუმაძე - დავიცავ კანონს და ანგარიშგების ნებისმიერ ფორმატზე თანახმა ვარ

საკუთარ თავს არასოდეს დავიცავ, მე დავიცავ კანონს, – ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ ფორუმზე განაცხადა, სადაც მთავარი პროკურატურის რეფორმაზე მსჯელობენ.

შესაბამისად, მთავარი პროკურორის თქმით, ანგარიშგების ნებისმიერ ფორმატზე თანახმაა.

„მე არასოდეს დავიცავ საკუთარ თავს, დავიცავ კანონს. ასე ვცხოვრობდი და მომავალშიც ასე ვაპირებ ცხოვრებას. ამიტომ, ანგარიშგების ნებისმიერ ფორმატზე თანახმა ვარ, რომელშიც როგორც საპარლამენტო კონტროლის, ასევე სამოქალაქო დემოკრატიული კონტროლის მაქსიმალური ჩართულობა იქნება“, – განაცხადა შალვა თადუმაძე,

მისი თქმით, ამ მიმართულებით, ყველა შეთავაზებას განიხილავს.

„ნებისმიერ შემოთავაზებაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ საჯაროდაც და დახურულ ფორმატშიც, რათა მთავარ პროკურატურას ჰქონდეს ნდობის მაღალი ხარისხი, მას აქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა“, – განაცხადა თადუმაძემ.

საქართველოს მთავარი პროკურატურის რეფორმირების საკითხს კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიერ ორგანიზებულ ფორუმზე განიხილავენ.