
მეცნიერთა განცხადებით, გასულ ათწლეულში მსოფლიოს მყინვარების დნობა მნიშვნელოვნად აჩქარდა. ისინი შიშობენ, რომ მომდევნო წლებში დნობა შეიძლება მოსალოდნელზე ჩქარი იყოს, რაც ზღვის დონის აწევას გამოიწვევს.
მყინვარები მნიშვნელოვანი კლიმატური რეგულატორები და მილიარდობით ადამიანისთვის მტკნარი წყლის რესურსია. მსოფლიოს დათბობასთან ერთად, ისინიც დნებიან.
გლობალურ შეფასებაში, რომელიც ამ სახის პირველი შეფასება იყო, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა დაადგინა, რომ გასულ ათწლეულში დნობა მკვეთრად არის მომატებული, 2012 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში დაიკარგა დაახლოებით 36 პროცენტით მეტი ყინული, ვიდრე 2000-2011 წლებში.
წელიწადში საშუალოდ 273 მილიარდი ტონა ყინული იკარგება. მკვლევართა განცხადებით, ეს წყალი მსოფლიო მოსახლეობას 30 წლის განმავლობაში ეყოფოდა.
კვლევის თანაავტორის, ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორის, მაიკლ ზემპის განცხადებით, შედეგები შოკისმომგვრელია და ამის მიზეზი ძირითადად არის კაცობრიობის საქმიანობის შედეგად სათბურის აირების გამოყოფა.
საერთო ჯამში, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ 21-ე საუკუნის დამდეგიდან დღემდე, მსოფლიოს მყინვარებმა მოცულობის დაახლოებით ხუთი პროცენტი დაკარგა. დიდია რეგიონული სხვაობები, რაც მერყეობს ანტარქტიდაზე ორ-პროცენტიანი დანაკარგიდან ევროპის ალპებში 40-პროცენტიან დანაკარგამდე.
ზემპის განცხადებით, პატარა მყინვარების მქონე რეგიონები მათ უფრო სწრაფად კარგავენ და მრავალი მათგანი ამ საუკუნეს ვერ გადაურჩება.
კვლევა მსოფლიო მყინვარების მონიტორინგის სერვისმა (WGMS) და ედინბურგის უნივერსიტეტის ჯგუფმა ჩაატარეს და მისი მიზანი იყო, საველე და თანამგზავრული მონაცემების შეჯერებით შეექმნათ „საცნობარო შეფასება” ყინულის დნობის მონიტორინგისთვის.
როგორც ზემპი აღნიშნავს, ჯგუფის დაკვირვებები და ახალი მოდელირებული კვლევები მიუთითებს, რომ ამ საუკუნეში მყინვართა დნობა უფრო სწრაფი იქნება, ვიდრე გაეროს ბოლო შეფასება პროგნოზირებს.
„შესაბამისად, ვდგავართ საუკუნის ბოლოს ზღვის დონის უფრო მაღლა აწევის წინაშე. მყინვარების დაკარგვა გავლენას იქონიებს მტკნარი წყლით მომარაგებაზე, განსაკუთრებით ცენტრალურ აზიასა და ცენტრალურ ანდებში“, — აღნიშნავს ზემპი.
მყინვარები გლობალური ზღვის დონის მატების მეორე მთავარი კონტრიბუტორია — პირველი კი არის გამთბარი ზღვის წყლის გაფართოება.
მეცნიერთა შეფასებით, 2000 წლიდან დღემდე მყინვარების დნობის შედეგად ზღვის დონის ორი სანტიმეტრით აწევამ მსოფლიო სანაპიროებზე მცხოვრებთაგან თითქმის ოთხ მილიონზე მეტი ადამიანი გახადა დატბორვებისადმი მოწყვლადი.
სხვათა შორის, ზღვის დონის მატებაში მთავარი წვლილი პატარა მყინვარებს შეაქვს. ექსეტერის უნივერსიტეტის მკვლევარი, მარტინ სიგერტი, რომელიც ახალ კვლევაში ჩართული არ ყოფილა, ამბობს, რომ ეს შემაშფოთებელია.
იმიტომ, რომ ეს ყველაფერი პროგნოზირებს მყინვარების შემდგომ დნობას და შეიძლება მიუთითებდეს იმასაც, როგორი რეაგირება ექნებათ გლობალურ დათბობაზე ანტარქტიკისა და გრენლანდიის ყინულის ვრცელ საფარებს.
„ყინულის საფარი ახლა მასას ზრდადი მაჩვენებლით კარგავს, ექვსჯერ უფრო მეტს, ვიდრე 30 წლის წინ; და როდესაც ისინი იცვლება, უკვე არა სანტიმეტრებზე, არამედ მეტრებზე უნდა ვისაუბროთ“, — ამბობს სიგერტი.
WGMS-ის მონაცემები საუკუნეზე მეტ პერიოდს მოიცავს და როგორც ის მიუთითებს, მყინვარები კაცობრიობის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილების ავანგარდში აღმოჩნდნენ.
მე-20 საუკუნეში, შეფასებები ეყრდნობოდა 500-ზე მეტი მყინვარის საველე გაზომვებს. მათ შორის, მეცნიერები მყინვარის ზემოდან ნაბურღს აკეთებდნენ და იწერდნენ დამატებული ახალი თოვლის რაოდენობას ყოველი წლისთვის, შემდეგ კი აფასებდნენ დაკარგული ყინულის რაოდენობას მყინვარის „ენაში“, საიდანაც ნადნობი წყალი გამოედინება.
ბოლო წლებში, თანამგზავრებმა მეცნიერებს მსოფლიო მასშტაბით 275 000 მყინვარის ცვლილების მონიტორინგის საშუალება მისცა.
გაერო-ს განცხადებით, მსოფლიო მყინვარების შენარჩუნება პლანეტის „გადარჩენის მნიშვნელოვანი სტრატეგიაა“.
„დათბობის ყოველი მეათედი გრადუსი, რომელსაც თავიდან ავიცილებთ, დაგვიზოგავს ფულს, გადაარჩენს ბევრ სიცოცხლეს და გადაგვარჩენს პრობლემებისგან“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორის, მაიკლ ზემპი.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.