მსოფლიოში ინტერნეტის ტრაფიკი იზრდება, მაგრამ ქსელები ზეწოლას ჯერ კარგად უძლებს
თვითმფრინავები მიწაზეა, ქარხნები დახურული, ქალაქები კარანტინში. თუმცა, მონაცემები — თანამედროვე ეკონომიკის სისხლი — კვლავ მოძრაობს.
ფართოდ გავრცელებული შიში, რომ საკომუნიკაციო ქსელებმა შეიძლება კრახი განიცადოს მაშინ, როდესაც ისინი ყველაზე მეტად არის საჭირო, უსაფუძვლო აღმოჩნდა, რადგან ინტერნეტ-ტრაფიკი უკვე რეკორდულ მატებას უძლებს. ფართოზოლოვანი პროვაიდერები ერგებიან ახალ მსოფლიოს, რომელშიც ხალხი იძულებულია იმუშაოს დისტანციურად, ისწავლონ სახლიდან, ოჯახებმა ერთმანეთთან იკონტაქტონ სხვადასხვა ონლაინსტრიმების საშუალებით.
როგორც ჩანს, ის ერთადერთი ინდუსტრია აღმოჩნდა, რომელმაც კორონავირუსით გამოწვეულ ალიაქოთს თავი სახელმწიფოს მასშტაბური ჩარევის გარეშე გაართვა. ევროპის სატელეკომუნიკაციო სექტორი, რომელიც ბოლო ათწლეულში საფონდო ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მოთამაშე იყო, ინვესტორებისთვის დღეს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო სეგმენტი ჩანს.
მოთხოვნა დიდი და უეცარია. მაგალითად, ესპანეთში ონლაინთამაშების აქტიურობა გასულ კვირაში თითქმის სამჯერ გაიზარდა, როდესაც ქვეყანაში სკოლები დაიხურა; რაც შეეხება ვოტსაპს, მისი გამოყენება შვიდჯერ გაიზარდა. მაგალითად, ბრიტანეთში აპლიკაციის მოხმარება დღისით 60 პროცენტამდეა გაზრდილი.
Amazon.com Inc-ის ვებგვერდის ღამის ტრაფიკი ამ კვირაში იტალიაში გაოთხმაგდა და წამში საშუალოდ 20 გიგაბაიტს მიაღწია, რადგან ადამიანები დიდწილად ელექტრონულ კომერციაზე გადავიდნენ. Telecom Italia SpA-ს განცხადებით, ფიქსირებული ხაზების მონაცემების მოცულობა ქვეყანაში შემოღებული საყოველთაო კარანტინის შემდეგ 90 პროცენტი იყო, მობილური მონაცემების კი 30 პროცენტი.
„ნაკლებად სავარაუდოა, რომ გასულ კვირაში ინტერნეტ-ტრაფიკის მკვეთრმა ზრდამ იტალიის ქსელში სერიოზული შეფერხება გამოიწვიოს, ასეთი სცენარი სავარაუდოდ, საერთოდაც შეუძლებელია“, — ამბობს იტალიის კომუნიკაციების მარეგულირებლის თავმჯდომარე ანჯელო კარდანი.
იმის შიშით, რომ სხვა ინდუსტრიებში მიმდინარე ქაოსმა შეიძლება კომუნიკაციების სექტორიც დააზიანოს, ევროკავშირის შიდა ბაზრის კომისარმა ტიერი ბრეტონიმ, ინტერნეტზე ზეწოლის შემცირების მიზნით, სტრიმინგ-პლატფორმებს მაღალი გარჩევადობის ვიდეოების შეზღუდვისკენ მოუწოდა. გუგლმა და ნეტფლიქსმა მითითება გაითვალისწინეს და განაცხადეს, რომ ევროპაში 30 დღით შეზღუდავენ მაღალი გარჩევადობის ვიდეოების სტრიმინგს.
კომუნიკაციების მარეგულირებელი სამთავრობო ორგანოები აღნიშნავენ, რომ ფართოზოლოვან პროვაიდერებს დაავალეს მსხვილი ვიდეოებისა და სათამაშო პლატფორმების ნელ ხაზებზე გადაყვანა, რათა პრიორიტეტი უფრო მნიშვნელოვან ტრაფიკს მიენიჭოს, როცა ქსელები დატვირთვის რისკის ქვეშ აღმოჩნდება. ეს ქმედება ჩვეულებრივ დროს აკრძალულია ე. წ. ნეიტრალური ინტერნეტის კანონით, რომელიც ყველა ინტერნეტმომხმარებლის თანაბარ მდგომარეობაში ყოფნის მიზნით არის შემოღებული.
ასეთი ქმედების განხორციელების წინ, სატელეკომუნიკაციო პროვაიდერმა მარეგულირებელს უნდა აცნობოს. თუმცა, ევროპაში მსგავსი შემთხვევა ჯერ არ ფიქსირდება.
დამატებითი ონლაინ-აქტივობა ძირითადად დღისით ხდება, საღამოს კი პიკს აღწევს. ბრიტანული BT Group Plc-ის განცხადებით, დღის ტრაფიკი საღამოს პიკის სტანდარტულ დონესთან შედარებით მაინც ნახევარია.
ევროპის უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანიების განცხადებით, უკაბელო კავშირისა და ზარების ხარისხი დიდ ურბანულ ცენტრებში ხანდახან შეიძლება შემცირდეს, რადგან მომხმარებელთა სიმრავლის გამო, ქსელზე დაწოლა იქ განსაკუთრებით იზრდება და იკლებს ქსელის გამტარობა.
მომზადებულია bloomberg.com-ის მიხედვით.