მსოფლიოს უდიდეს წყალქვეშა მღვიმეში მაიას ცივილიზაციის სიწმინდეები აღმოაჩინეს
ადგილი, რომლის არსებობაც უკვე სასწაულია – რამდენიმე თვის წინ მექსიკაში აღმოჩენილი მსოფლიოში უდიდესი წყალქვეშა მღვიმე 347 კილომეტრზეა გადაჭიმული და მოიცავს მრავალ მიწისქვეშა ღრუს.
როდესაც არქეოლოგებმა ეს უზარმაზარი, ჩაძირული ლაბირინთი აღმოაჩინეს, აღნიშნეს, რომ მათ წინაშე უბრალოდ ბუნებრივი საოცრება როდი იყო. მათი აზრით, იქ ჩაძირული უნდა ყოფილიყო ანტიკური მაიას ცივილიზაციის მრავალი არქეოლოგიური არტეფაქტი. როგორც ჩანს, ეს ვარაუდი თანდათან მართლდება.
რამდენიმე დღის წინ, მექსიკის ანთროპოლოგიისა და არქეოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფმა, გილერმო დე ანდას ხელმძღვანელობით, პირველი აღმოჩენები გააკეთა. მათი თქმით, ვრცელი მღვიმე შედგება თითქმის 250 სენოტისა (ბუნებრივი მიწისქვეშა წყლის რეზერვუარი) და 198 არქეოლოგიური ძეგლისგან, რომელთაგან 140 მაიას ცივილიზაციას ეკუთვნის.
„ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ წინაშეა მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ჩაძირული არქეოლოგიური ძეგლი. მეორე უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია იქ არსებულ არქეოლოგიურ ელემენტთა ოდენობა და უვნებლად შენახვის დონე“, — აღნიშნავს დე ანდა.
მყვინთავთა მიერ უკვე აღმოჩენილ არტეფაქტებს შორისაა ადამიანთა ნაშთები, მათ შორის ჩონჩხები და ადამიანის დამწვარი ძვლები, რომელთა ასაკი 9000 წელია. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ აღმოსავლეთ მექსიკაში ადამიანთა აქტივობა იმაზე ათასობით წლით ადრე დაიწყო, ვიდრე მეცნიერებს აქამდე მიაჩნდათ. შესაძლოა, ამის მიზეზი ანტიკური მაიას სავაჭრო გზები იყო.
„ვაჭრები ქმნიდნენ გზებს და ასეთ ადგილებს სარიტუალო პილიგრიმულ წერტილებად იყენებდნენ. საკურთხევლებთან და წმინდა ადგილებთან აფუძნებდნენ გაჩერებებს, სადაც ღმერთებისადმი ძღვენს აკეთებდნენ და თავიანთ კვალსაც ტოვებდნენ“, — განუცხადა დე ანდამ მექსიკურ მედიას.
გილერმო დე ანდა Great Maya Aquifer Project (GAM)-ს ხელმძღვანელობს. მისი ვარაუდით, სინამდვილეში, ხალხი სულაც არ ცხოვრობდა ამ წყალქვეშ დატოტვილ მღვიმეებში, რომელსაც საკ-აკტუნის სისტემას უწოდებენ. სამაგიეროდ, კლიმატის გაუარესების დროს, მღვიმეებში წყლის პოვნის იმედით დაეხეტებოდნენ.
თუმცა, მათი კულტურა და მღვიმეები მუდმივად იყო ერთმანეთთან დაკავშირებული. სენოტებში აღმოჩენილია მაიას ეპოქის მრავალი ნამარხი, მათ შორის კერამიკა, კედლის გრავიურები, მაიას ვაჭრობის ღმერთის საკურთხეველი და კიბის სტრუქტურები.
კიბის გარეშე, მსოფლიოს უდიდეს წყალქვეშა მღვიმეში ჩასვლა სახიფათო იქნებოდა. როგორც მღვიმეებში აღმოჩენილი დიდი ოდენობით ძვლები მიუთითებს, უკან ამოსვლაში ყველას არ გაუმართლა. იგივე ბედი უნდა სწეოდა მრავალ ცხოველს.
მღვიმეში მკვლევრებმა იპოვეს უკანასკნელი გამყინვარების ხანის მრავალი ქმნილების ნამარხი. მათ შორისაა გიგანტური ზარმაცები და დათვები, ისევე როგორც ამჟამად გადაშენებული, სპილოს მსგავსი ცხოველის, გომფიტერის ნამარხები.
მიუხედავად მრავალი ამაღელვებელი აღმოჩენისა, მკვლევრები საფრთხეების შესახებაც იუწყებიან. არქეოლოგიური ძეგლს საფრთხეს უქმნის ადამიანთა საქმიანობა — სენოტებში ყვინთვისთვის შესული ტურისტები და დაბინძურება: მღვიმის უდიდესი ნაწილის თავზე გადის მთავარი გზატკეცილი, რომლის გასწვრივ, მრავლადაა ნაგავსაყრელები.
თუკი ეს საფრთხეები გამოირიცხება, არავინ უწყის, რამდენი რამ შეიძლება აღმოვაჩინოთ ამ უზარმაზარ, რვაფეხასავით დატოტვილ მღვიმეში, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს — მკვლევართა განმარტებით, წყალქვეშა სისტემა შესაძლოა დაკავშირებული აღმოჩნდეს ახლომდებარე სხვა მღვიმეებთანაც.
„აქტიურად ვიკვლევთ მეზობელ, 18 კილომეტრის სიგრძის მღვიმეს, რომელსაც „სენოტების დედას“ უწოდებენ. სავარაუდოდ, ისინი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. თუ ასე აღმოჩნდა, მღვიმეთა სისტემის სიგრძე 500 კილომეტრს გადააჭარბებს და ვინ იცის, იქნებ დასასრულიც არ ჰქონდეს“, — ამბობს მკვლევართა ჯგუფის წევრი, არქეოლოგი რობერტ შმიტნერი.
მომზადებულია mexiconewsdaily.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით