ქალებს შორის მონრეალის უმაღლესი კატეგორიის ტურნირის ფინალში რუმინელი სიმონა ჰალეპი და ამერიკელი სლოან სტივენსი შეხვდნენ ერთმანეთს.
ამ ჩოგბურთელების დაპირისპირება როლან გაროსის ფინალშიც ვნახეთ და მაშინ, ჰალეპმა შეძლო მოგება. სტივენსს ჰქონდა კანადაში რევანშის შანსი, მაგრამ ვერ გამოიყენა.
ფინალში ორივე ჩოგბურთელი ძალიან ცუდად თამაშობდა საკუთარ მოწოდებაზე: ჯამში დაფიქსირდა 35 ბრეიკ-პოინტი და 15 ბრეიკი.
ყველაზე დაძაბული ბრძოლა პირველ სეტში იყო, რომელშიც ჯერ ჰალეპი იგებდა 4:1-ს, ბოლოს კი სტივენსმა ტაი-ბრეიკზე ორი სეტბოლი მოიპოვა, მაგრამ მაინც დათმო სეტი.
სამაგიეროდ, მეორე სეტში ამერიკელმა მეტოქეზე ორით მეტი ბრეიკი შეასრულა და პარტიებში ანგარიში გაათანაბრა. მესამე სეტში დიდი ბრძოლას ელოდნენ, მაგრამ რუმინელმა შეძლო 5:2 დაწინაურება და შანსი ხელიდან აღარ გაუშვა. 2 საათსა და 39 წუთში 7:6(6), 3:6, 6:4 მოიგო. ჰალეპისთვის ეს იყო მესამე ტიტული სეზონში.