მსოფლიოს ბოტანიკური საოცრება — აღმოჩენილია გიგანტური დუმფარას ახალი სახეობა #1tvმეცნიერება
ლონდონის კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღების ექსპერტები იუწყებიან, რომ პირველად მე-19 საუკუნის შუა წლების შემდეგ, აღმოაჩინეს გიგანტური დუმფარას (წყლის ლილია) ახალი სახეობა, რომელიც თავდაპირველად სხვა მცენარე ეგონათ.
ახალი სახეობის ეგზემპლარები ბოტანიკურ ბაღში მთელი 177 წლის მანძილზე რჩებოდა შეუმჩნეველი, ბოლივიის ეროვნულ ჰერბარიუმში კი 34 წლის განმავლობაში.
მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ ისინი ამაზონის ვიქტორიას (Victoria amazonica) ეკუთვნოდნენ, გიგანტური დუმფარას ორი ცნობილი სახეობიდან ერთ-ერთს, რომელსაც სახელი 1852 წელს დედოფალ ვიქტორიას პატივსაცემად უწოდეს.
თუმცა, მათი რეალური იდენტობა კიუს ბაღების ექსპერტებმა ბოლივიელ მკვლევართა ჯგუფთან ერთად მუშაობის შემდეგ დაადგინეს. გაირკვა, რომ ის მესამე სახეობაა.
გიგანტური დუმფარას ახალ სახეობას Victoria boliviana უწოდეს; მისი ფოთლები ველურ ბუნებაში სამ მეტრამდე სიგანის იზრდება და წარმოადგენს ამ მხრივ უდიდეს მცენარეს მსოფლიოში.
გიგანტური სახეობის თესლები წლების წინ კიუს ბაღებს ბოლივიის სანტა-კრუს-დე-ლა-სიერას ბოტანიკურმა ბაღმა გადასცა.
ფლორისტ ლუსი სმიტის განცხადებით, ეს მცენარეები სახელის აღმნიშვნელი ეტიკეტის გარეშე გასული ოთხი წლის განმავლობაში იზრდებოდნენ კიუს სათბურში.
„რამდენიმე ადამიანმა გვკითხა, რატომ განსხვავდებოდნენ ისინი სხვებისგან, მაგრამ ვპასუხობდით, რომ ისინი უბრალოდ ერთმანეთს ჰგავდნენ. სინამდვილეში, მთელი ამ დროის განმავლობაში, ჩვენ თვალწინ ეს საოცარი საიდუმლო იმალებოდა“, — ამბობს ფლორისტი.
მებაღე მკვლევარი კარლოს მაგდალენა, რომელიც გადაშენების პირას მყოფი მცენარეების გადარჩენაშია სპეციალიზებული, მცენარეს „მსოფლიოს ერთ-ერთ ბოტანიკურ საოცრებას“ უწოდებს.
მისი განცხადებით, ყოველწლიურად მსოფლიოში 2000-მდე ახალი მცენარის იდენტიფიცირება ხდება, მაგრამ მისი აზრით ამ შემთხვევაში უცნაური ის არის, რომ ამ ზომის და ასე სახელგანთქმული მცენარე 2022 წლამდე აღმოუჩენელი იყო.
„ძლიერ უჩვეულოა. ამავე დროს მეტყველებს, რამდენი რამ არის ჯერ კიდევ აღმოუჩენელი. რეალურად ხაზს უსვამს, საბოლოოდ რა ცოტა რამ ვიცით ჩვენი ბუნების შესახებ“, — ამბობს მაგდალენა.
გიგანტური დუმფარები თეთრად ყვავილობენ, მაგრამ ყვავილები ღამით ვარდისფერი ხდება.
სახელი V. boliviana მცენარეს ბოლივიელ პარტნიორ მკვლევართა და მისი ბუნებრივი ეკოსისტემის პატივსაცემად უწოდეს.
კიუ ერთადერთი ადგილია მსოფლიოში, სადაც ერთმანეთის გვერდიგვერდ შეგიძლიათ ნახოთ Victoria-ს გვარის სამივე სახეობა — V. amazonica, V. cruziana და ახლა უკვე V. boliviana.
კვლევა Frontiers in Plant Science-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.