მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) გამოაცხადა, რომ მოსკოვის ლაბორატორიის მონაცემებით მანიპულაციები შეუძლებელს ხდის, დადგინდეს ანტისადოპინგო წესების დარღვევა ეჭვმიტანილ რუს სპორტსმენთა 50 პროცენტში.
ბაზის ანალიზის შემდეგ, რომელიც შეიცავდა მონაცემებს 2012-15 წლებში აღებული სინჯების შესახებ, WADA-მ ეჭვი შეიტანა 298 რუს სპორტსმენზე, მაგრამ მანიპულაციები, რომელიც ტარდებოდა რუსული მხარის მიერ საჭირო ინფორმაციებზე, არ იძლევა საშუალებას დაადგინდეს დარღვევა ეჭვმიტანილ სპორტსმენთა თითქმის ნახევარში:
„ვარაუდობენ, რომ მონაცემთა შეცვლამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია 145 სპორტსმენის გამოკვლევის შესაძლებლობაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სინჯებზე ნეგატიური ზემოქმედება შეადგენს თითქმის 50 პროცენტს.
დღეისთვის, 153 სპორტსმენის საქმე სრულ და დეტალურ გამოძიებას საჭიროებს“, – წერია განცხადებაში.
ასევე WADA იტყობინება, რომ 45 სპორტსმენის საქმე უკვე გადაცემულია შესაბამის საერთაშორისო ფედერაციებში:
„დაზვერვისა და გამოძიების დეპარტამენტმა დაადგინა ანტისადოპინგო წესების დარღვევა და გადააგზავნა საქმეები ძალოსნობის (41 სპორტსმენი), ჭიდაობის (1) ტაეკვანდოსა (2) და კანოეს (1) საერთაშორისო ფედერაციებში“.