ანტისადოპინგო სააგენტოში პირველი უკრაინელი აირჩიეს - ის რუსეთის მსოფლიო სპორტიდან გაძევებისთვის იბრძოლებს
ანტისადოპინგო სააგენტოში პირველი უკრაინელი აირჩიეს - ის რუსეთის მსოფლიო სპორტიდან გაძევებისთვის იბრძოლებს

უკრაინის სპორტის ყოფილი მინისტრი იგორ ჟდანოვი მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) დამფუძნებელთა საბჭოს წევრად აირჩიეს. მან არჩევნებში ერთი ხმით დაამარცხა თურქეთის სპორტის მინისტრი მეჰმეთ მუჰარემა ქასაფოგლუ.

„დღეს ევროპის მინისტრთა საბჭომ დამამტკიცა WADA-ს დამფუძნებელთა საბჭოს წევრად. ეს არის არა მხოლოდ ჩემი, არამედ მთელი უკრაინული სპორტული საზოგადოების გამარჯვება, რადგან ჩვენი ქვეყანა პირველად არის წარმოდგენილი WADA-ში. ამ პოზიციაზე მე ვიბრძოლებ სუფთა სპორტსმენების უფლებებისთვის, ყველა ქვეყნის მიმართ სამართლიანი დამოკიდებულებისთვის, დოპინგის გამოყენებაზე პასუხისმგებლობის გაძლიერებისთვის, რუსეთის მსოფლიო სპორტიდან მოკვეთისთვის, რადგან იქ სახელმწიფო დონეზე აიძულებენ სპორტსმენებს გამოიყენონ აკრძალული პრეპარატები და გააყალბონ მათი სინჯები“, – დაწერა „ფეისბუქში“ ჟდანოვმა.

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს დამფუძნებელთა საბჭოს სხდომა 7 ნოემბერს გაიმართება პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში, სადაც აირჩევენ ახალ პრეზიდენტს. ბრიტანელი კრეიგ რიდი უნდა შეცვალოს პოლონეთის სპორტის მინისტრმა ვიტოლდ ბანკამ, რომელიც ერთადერთი კანდიდატია WADA-ის პრეზიდენტის პოსტზე.