მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ რუსების მხრიდან სინჯების გაყალბება დაამტკიცა
მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ რუსების მხრიდან სინჯების გაყალბება დაამტკიცა

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ მოსკოვის ლაბორატორიის ბაზასთან მუშაობის სრული ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტი 89-გვერდიანია და მისი ნახვა ნებისმიერს შეუძლია. მასში დაწვრილებით არის გაწერილი დამამტკიცებელი მასალები იმის შესახებ, რომ დოპინგ-სინჯების მონაცემებთან დაკავშირებით მართლა ხდებოდა მანიპულაციები და დამნაშავეები მეტად უნიჭოდ ცდილობდნენ ამ ფაქტის დამალვას.

იტყობინებიან, რომ ლაბორატორიაში მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ექსპერტთა ვიზიტამდე, 2019 წლის პირველი იანვრიდან ცხრა იანვრამდე პერიოდში, სისტემიდან წაიშალა 19 982 ფაილი, სრულიად გაქრა 2008-11 წლების მონაცემთა ასლები. რვა იანვარს ადმინისტრატორმა წაშალა 632 ფაილი და მათი ასლები და სისტემაში მიუთითა თარიღი – 2015 წლის 23 მაისი. და სწორ თარიღზე დაბრუნებისას შეცდომა დაუშვა – 08.01.2019-ის ნაცვლად მიუთითა 01.08.2019, რის შედეგადაც, სისტემა დათარიღებულ იქნა 2019 წლის აგვისტოთი, რომელიც ჯერ არ იყო დამდგარი.

დოკუმენტიდან ასევე ვიგებთ, რომ მოსკოვის ლაბორატორიის გადარჩენილი მონაცემების მიხედვით, ანტისადოპინგო წესების დარღვევის ბრალდება მიიღო 47-მა რუსმა სპორტსმენმა – 41-მა ძალოსანმა, ორმა ბიატლონისტმა, ერთმა მოჭიდავემ, ორმა ტაეკვანდოიტსმა და ერთმა ნიჩბოსანმა.

რუსული მხარის მიერ შედგენილმა ახსნა-განმარტებამ არ დააკმაყოფილა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო და საბოლოოდ, რუსმა სპორტსმენებმა ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღეს.