ახლა, როცა ამ ტექსტს კითხულობთ, თუ თან ფინჯან ყავას მიირთმევთ, შეჩერდით და კარგად დააგემოვნეთ. მაგრად მოუჭირეთ ფინჯანს ხელი, თუ ეს სასმელი ზედმეტად გიყვართ. საქმე იმაშია, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ყავა შეიძლება ასე ადვილად მოსაპოვებელი აღარ იყოს.
ყავის გუდაფშუტა (Hemileia vastatrix) ძალიან დიდი პრობლემაა მსოფლიოს თითქმის ყველა იმ რეგიონში, სადაც ყავა იზრდება. ბოლო წლებში, ამ დაავადებამ განსაკუთრებით მკაცრად შეუტია ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს. მათ შორის ერთ-ერთია კოლუმბია, სადაც ყავის პლანტაციები დაახლოებით მილიონ ჰექტარს მოიცავს და ყოველწლიურად აწარმოებს 65 000 ტონაზე მეტ ყავას. შესაბამისად, კოლუმბია ყავის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში.
კოლუმბიის ძირითადი ყავის ჯიშია უაღრესად ღირებული Coffea arabica. მართლაც, არაბიკას მარცვლები ყავის ყველაზე პოპულარული და ფართოდ მოხმარებადი ტიპია მთელ მსოფლიოში. არაბიკას პროდუქცია საერთო ჯამში მსოფლიო ყავის წარმოების 70%-ს შეადგენს.
სამწუხაროდ, იგი მხოლოდ ყავის მსმელებს როდი უყვართ. Coffea arabica განსაკუთრებით უყვარს ყავის ფოთლების გუდაფშუტასაც, რომელსაც მასზე გამანადგურებელი ეფექტი აქვს.
რა არის გუდაფშუტა სოკო?
იგი მცენარეთა ცნობილი პათოგენია, რომელიც ანადგურებს ჯანმრთელ მცენარეთა ზრდასა და რეპროდუქციას. ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდები სპორები ინფექციას განსაკუთრებით რთულად საკონტროლებელს ხდის. მას შემდეგ, რაც ამა თუ იმ რეგიონში გუდაფშუტა შეაღწევს, მისი ამოძირკვა წარმოუდგენლად რთულია.
გუდაფშუტას სოკოთა უმეტესობა საკმაოდ პარაზიტი სახეობაა, რადგან თითოეული მათგანს აქვს უნარი, თავი აარიდოს მასპინძელი მცენარის თავდაცვით სისტემას. უიშვიათესი გამონაკლისების გარდა, სოკოს გუდაფშუტათა უმეტესი ნაწილი აზიანებს მხოლოდ ერთმანეთთან ახლო კავშირის მქონე მასპინძელთა რომელიმე ჯგუფს.
Coffea arabica-ს განსაკუთრებული უბედურებაა გუდაფშუტა სოკო Hemileia vastatrix-ი. როგორც წესი, ის ყავის მცენარეს არ კლავს, მაგრამ თუკი ინფექცია საკმაოდ სასტიკია, მცენარე შეიძლება აღარასოდეს გამოჯანმრთელდეს. გუდაფშუტა თავდაპირველად უფრო მეტად აზიანებს მცენარის ფოთლებს და არა ნაყოფს.
ერთი შეხედვით, ეს ფაქტი შეიძლება არც თუ ისე საშინლად ჟღერდეს, მაგრამ ყავის მარცვლები სწორედ ნაყოფს წარმოადგენს. ნაყოფი კურკიანაა, წააგავს ალუბალს. ნაყოფს შიგნით მოთავსებული მაგარი თესლები სწორედ თქვენი საყვარელი ყავაა.
პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ გუდაფშუტის ინფექციის გამო, ფოთლებს ეფექტიანი ფოტოსინთეზი აღარ შეუძლიათ. იმის გამო, რომ საკვების წარმოებისთვის მცენარე ფოთლებზეა დამოკიდებული, ფოტოსინთეზის მოშლას დარტყმითი ეფექტების გრძელი სია აქვს, მათ შორის, ზრდის, ყვავილობისა და ნაყოფის მოსხმის შეჩერება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყავის მარცვლები აღარ იქნება!
წარსულში, Hemileia vastatrix-ის ეპიდემიამ, ყავის წარმოება 40%-ით შეამცირა მხოლოდ კოლუმბიაში, დროის მოცემულ მონაკვეთში. თუკი არ მიიღეს სასწრაფო ზომები, გუდაფშუტას შეუძლია მთელ რეგიონში მოსპოს ყავის წარმოება. წარსულში ეს ერთხელ უკვე მოხდა.
მაგალითად, მე-19 საუკუნის შუა წლებში, შრი-ლანკა ყავის მოწინავე მწარმოებელი იყო მსოფლიოში. იმ დროისათვის, შრი-ლანკა ბრიტანეთის კოლონია იყო და ბრიტანეთის ცეილონი ერქვა. მისი ყავის პლანტაციებიდან ყოველწლიურად ექსპორტზე გადიოდა თითქმის ნახევარი მილიონი კილოგრამი ყავა. ეს ყველაფერი ყავის ფოთლების დაავადების გამოჩენამდე გაგრძელდა, რომელმაც 1860-იან წლებში თანდათანობით მთლიანად მოსპო ყავის წარმოება. დაავადებას Hemileia vastatrix-ი ეწოდა; ყავა მთლიანად მოისპო და მისი ადგილი ჩაის პლანტაციებმა დაიკავა. დღეისათვის, სიტყვა „ცეილონი“ ჩვენთვის სწორედ ჩაისთან ასოცირდება და არა ყავასთან.
შესაბამისად, იყო თუ არა ყავის გუდაფშუტა ყოველთვის პრობლემა? როგორც ჩანს, ასეა, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ სად დასვამთ ამ კითხვას და პასუხიც საკმაოდ ბევრია, რადგან მცენარეები და მათი პათოგენები ერთობლივად ვითარდებიან.
Coffea arabica-სა და Hemileia vastatrix-ის სამშობლოა თანამედროვე ეთიოპია. ეს სულაც არა დამთხვევა — ისინი ერთად განვითარდნენ. სხვა მრავალი გუდაფშუტა სოკოს მსგავსად, Hemileia vastatrix-ი აუცილებელი ბიოტროფია.
როდესაც ისინი თავიანთ მტკიცე სპორის ფორმაში არ არიან, ამ სოკოებს გადასარჩენად მასპინძელი სჭირდებათ. გარდა ამისა, ისინი ვერ ისახებიან და ბინადრობენ უბრალოდ ნებისმიერ მცენარეში, რადგან მცენარეთა უმეტესობის იმუნური სისტემა აფიქსირებს შეჭრილ პათოგენს და დაუყოვნებლივ რთავს თავდაცვის სისტემას.
გუდაფშუტა სოკოს მასპინძელში შეჭრა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ამ უკანასკნელმა იგი ვერ აღიქვა. საბოლოოდ, ამის მოსახერხებლად, გუდაფშუტა სოკოს ყოველ სახეობას განუვითარდა ბიოქიმიური კამუფლაჟის ფორმა და იმის გამო, რომ სახეობიდან სახეობამდე მცენარეთა იმუნური სისტემა შეიძლება იცვლებოდეს, სოკოს გუდაფშუტათა უმეტესობა სფეციფიკური ხდება. აქედან გამომდინარე, ყავის გუდაფშუტა, სავარაუდოდ, ეთიოპიაში ყოველთვის იყო პრობლემა. თუმცა, ამ რეგიონიდან მთელ მსოფლიოში გავრცელებული ყავის კულტურა თავს კარგად გრძნობდა, სანამ დაავადება მცენარეს იქაც დაიჭერდა.
უცნობია როგორ შეაღწია Hemileia vastatrix-მა ეთიოპიიდან შრი-ლანკაში, მაგრამ დამნაშავე მაინც სავაჭრო გზები უნდა იყოს. ბიოკონტროლის მცდელობამ, ამერიკის კონტინენტზე ამ სოკოს ვერ შეეღწია, მომდევნო საუკუნეში შედეგი გამოიღო, მაგრამ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდა.1970-იან წლებში, დაავადებამ იქაც შეაღწია. სიტუაცია უკვე ისეთია, რომ სოკოს ეპიდემიის გავრცელება უკვე ძალიან ჩვეულ ამბად იქცა მთელ მსოფლიოში, ყავის მწარმოებელ მრავალ რეგიონში, მათ შორის კოლუმბიაში.
როგორც ჩანს, ყავის წარმოებას ხელს უშლის გლობალური ტემპერატურის მატებაც. Coffea arabica-ს უყვარს ზომიერი ტემპერატურა (18-22°C). არის პროგნოზიც, რომლის მიხედვითაც, გლობალური ტემპერატურის მხოლოდ 1°C-ით მატება ყავის წარმოებას მეოთხედით შეამცირებს; ემცირდება ისეთი ადგილების რიცხვიც, სადაც ყავას ზრდა შეუძლია.
ამჟამად, როცა უფრო ძალიან ვებღაუჭებით ყავის ფინჯნებს, ძირითადი სტრატეგია პრევენციაა. ეპიდემიის ადრეულ გამოვლენას უზრუნველყოფს მკაცრი ბიოკონტროლი, დაბინძურების კვლევა, კარანტინი და ა. შ.
შემდეგი გამოსავალია ფუნგიციდები. თუმცა, ეს მეთოდი ძვირია და შეიძლება საკამათოც იყოს. გარდა ამისა, გუდაფშუტას სპორები — მშრალი, ფხვიერი სუბსტანცია, რომელიც ინფიცირებულ ფოთლებზე წარმოიქმნება — საკმაოდ მტკიცეა და მასთან ბრძოლა ძნელია.
მაგრამ სანამ ყავის ფინჯანს ცრემლმორეული ეამბორებით და დაემშვიდობით, გეტყვით, რომ არის გარკვეული იმედი.
განვითარდა გუდაფშუტასადმი რეზისტენტული ყავის სახეობები. თუმცა ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ მათ არც თუ ისე კარგი გემო აქვთ. არის შედეგიც.
მკვლევრებმა შესძლეს სულ მცირე ცხრა ისეთი გენის გამოვლენა, რომლებსაც გუდაფშუტას სოკოსთან შეწინააღმდეგება შეუძლიათ, გარდა ამისა, ეს სახეობები შეიძლება შეჯვარდეს Coffea arabica-სთან, რათა გაუმჯობესდეს გემო; ეს ყველაფერი მკვლევრებმა კოლუმბიაში უკვე გააკეთეს.
შედეგებს კოლუმბიაში მართლაც დადებითი ეფექტი მოჰყვა, მაგრამ სამწუხაროდ, ვითარდება და ახალ რეალობას ერგება გუდაფშუტა სოკოც.
ამჟამად, მთავარი გამოწვევაა მოიძებნოს გზა და განვითარდეს ყავის ისეთი ფორმა, რომელსაც საკმარისი გენეტიკური მრავალფეროვნება და რეზისტენტული გენები ექნება ერთხელ და სამუდამოდ აჯობოს Hemileia vastatrix-ს.
კარგი ამბავი კი ისაა, რომ როგორც კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა წლის დასაწყისში განაცხადეს, უკვე სეკვენსირებული აქვთ Coffea arabica-ს გენომი. ეჭვგარეშეა, რომ ეს გენეტიკური ინფორმაცია ნამდვილად დიდ სხვაობას მოგვცემს.
ამბავი აქ სრულდება. შეგიძლიათ ფინჯანს მიუბრუნდეთ და ყავის სმა განაგრძოთ.
მომზადებულია forbes.com-ის მიხედვით