სულ უფრო მეტად სავარაუდო ხდება, რომ უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში, მსოფლიო გლობალური ტემპერატურის საკვანძო ზღვარს მიაღწევს.
საკმაოდ დიდი კვლევის მიხედვით, 2025 წლისთვის არსებობს 40-იანი შანსი, რომ სულ მცირე ერთ წელს მაინც დაფიქსირდეს 1,5 გრადუსი ცელსიუსით უფრო მაღალი საშუალო ტემპერატურა, ვიდრე ეს ინდუსტრიამდელ ეპოქაში იყო.
ტემპერატურის ეს ორი ქვედა ზღვარი კლიმატის ცვლილების შესახებ მიღებული პარიზის შეთანხმებით დაადგინეს.
ასეთი დასკვნა მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ახალმა მოხსენებამ დადო.
ანალიზები ეფუძნება ბრიტანეთის მეტეოროლოგიური ოფისისა და 10 სხვადასხვა ქვეყნის კლიმატის მკვლევართა მიერ შექმნილ მოდელირებას.
ბოლო ათწლეულში მიიჩნეოდა, რომ რომელიმე წელს 1,5-გრადუსიანი ზღვრის გადალახვის შანსი მხოლოდ 20 პროცენტი იყო. ახალი შეფასებით კი ეს რისკი 40 პროცენტით არის გაზრდილი.
ბრიტანეთის მეტეოროლოგიური ოფისის უფროსმა მეცნიერმა ლეონ ჰარმენსონმა BBC News-ს განუცხადა, რომ პროექტირებული ტემპერატურების შედარება 1850-1900 წლებს შორის ტემპერატურასთან, აშკარა მატებას აჩვენებს.
„ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ 1,5-გრადუსიან ზღვარს ვუახლოვდებით, ჯერ იქ არ ვართ, მაგრამ სულ უფრო ახლოს მივდივართ. დრო აღარ რჩება იმ ძლიერი ქმედებებისთვის, რომლებიც ახლავეა საჭირო“, — ამბობს ჰარმენსონი.
მკვლევართა განცხადებით, თუ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში რომელიმე წელს ტემპერატურამ ინდუსტრიამდელ მაჩვენებელს 1,5 გრადუსით გადააჭარბა, ეს დროებითი სიტუაცია იქნება.
ბუნებრივი ცვალებადობის გამო, მომდევნო წლები შეიძლება ოდნავ ცივი იყოს და შესაძლოა მომდევნო ერთი ან ორი ათწლეული დასჭირდეს, ვიდრე სამუდამოდ გადაილახება 1,5-გრადუსიანი ზღვარი.
პარიზის შეთანხმებით დაადგინეს მიზანი, რომ გლობალურმა საშუალო ტემპერატურამ 2 გრადუსზე მეტით არ მოიმატოს და ვეცადოთ, რომ არ დავუშვათ 1,5 გრადუსზე მეტით მომატება. რა თქმა უნდა, აქ გრძელი პერიოდი იგულისხმება და არა რომელიმე ერთი კონკრეტული წელიწადი.
ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მკვლევრის, ჯოერი როგელის განცხადებით, ბრიტანეთის მეტეოროლოგიური ოფისის მიერ გამოცხადებული 1,5 გრადუსი არ უნდა აგვერიოს პარიზის შეთანხმების 1,5 გრადუსში.
„პარიზის სამიზნეები გლობალურ დათბობას ეხება — ჩვენს პლანეტაზე ტემპერატურის ზრდას მას შემდეგ, რაც წლიდან წლამდე ცვლილებები უკვე აღმოიფხვრება. რომელიმე ერთ წელიწადს 1,5-გრადუსიანი ზღვრის გადალახვა არ ნიშნავს, რომ პარიზის ზღვარი მიღწეულია, მაგრამ მაინც ძალიან ცუდი ამბავია“, — ამბობს როგელი.
მისვე განცხადებით, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ამ დრომდე გატარებული ნებისმიერ კლიმატური ქმედება არასაკმარისია და გლობალური დათბობის შესაჩერებლად დაუყოვნებლივ საჭიროა გამონაბოლქვის ნულამდე დაყვანა.
გაერო-ს კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფის მიერ 2018 წელს გამოქვეყნებული საკვანძო მოხსენებამ წარმოაჩინა, რამდენად უფრო მწვავეა კლიმატის ცვლილების შედეგები იმ შემთხვევაში, თუ ზრდა 1,5 გრადუსზე მეტით მოხდება.
ამ მომენტისათვის, პროგნოზები მიუთითებს, რომ ბოლო დროს სათბურის აირების გამოყოფის შესამცირებლად დადებული პირობების მიუხედავად, მსოფლიო ტემპერატურის 3 გრადუსზე მეტით ზრდის გზას ადგას.
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის გენერალური მდივნის, პეტერი ტაალასის განცხადებით, ახალი კვლევის შედეგები უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ სტატისტიკა.
„ეს კვლევა მაღალი სამეცნიერო სანდოობით აჩვენებს, რომ ჩვენ უმოწყალოდ მივემართებით პარიზის შეთანხმების ქვედა ზღვრისკენ“, — ამბობს ტაალასი.
რიდინგის უნივერსიტეტის კლიმატური მეცნიერი, პროფესორი ედ ჰოკინსი აღნიშნავს, რომ თუ ახალი პროგნოზი მართებულია, არ ნიშნავს იმას, რომ პარიზის შეთანხმებით დადგენილ ზღვარს გადავაჭარბებთ. მისივე განცხადებით, 2016 წლის ორ ცალკეულ თვეში, საშუალო ტემპერატურამ 1,5-გრადუსიანი ზღვარი გადალახა.
„კლიმატის გათბობასთან ერთად, უფრო მეტ თვეს მივიღებთ 1,5 გრადუსით მაღალი ტემპერატურით, შემდეგ მთელ წელიწადს, შემდეგ ორ ან სამ წელს და ამის შემდეგ, უკვე ყოველ წელიწადს იქნება საშუალო ტემპერატურა ინდუსტრიამდელ მაჩვენებელზე 1,5 გრადუსით მაღალი“, — ამბობს ჰოკინსი.
მისივე განცხადებით, ეს უეცრად არ მოხდება, რადგან ეს უფრო ფერდობს ჰგავს, რომელზეც ჩვენ უკვე ავდივართ და კლიმატის გათბობასთან ერთად, ეფექტები სულ უფრო და უფრო უარესი გახდება.
მომზადებულია BBC-ის მიხედვით.