ნიკა ვაჩეიშვილი მშრალი ხიდისა და ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციას ზედაპირულს უწოდებს
ნიკა ვაჩეიშვილი მშრალი ხიდისა და ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციას ზედაპირულს უწოდებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა ვაჩეიშვილის თქმით, მშრალი ხიდისა და ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია ზედაპირული რესტავრაციის მაგალითს წარმოადგენს.

მისი თქმით, პროექტში არ არის გათვალისწინებული საერთაშორისო მეთოდოლოგიით აღიარებული მთელი რიგი კრიტერიუმები.

„მინდა მოგახსენოთ ჩვენი აზრი თბილისის კულტურული მემკვიდრეობის იმ პროგრამის თაობაზე, რომლითაც თბილისის მთავრობა ძალიან იწონებს თავს და ყოველ ჯერზე თბილისელებს მიახარებს ხოლმე, რომ წელს მშრალი ხიდის და ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია იგეგმება. თუ ჩვენ რეალურად შევხედავთ ამ მსხვილბიუჯეტიან პროექტებს, აღმოვაჩენთ, რომ ის არ ეფუძნება ერთიან ქალაქგეგმარების კონცეფციას, არ ასახავს ძველი თბილისის ხედვას მთლიანობაში და წარმოადგენს ზედაპირული რესტავრაციის მაგალითს. მასში არ არის გათვალისწინებული საერთაშორისო მეთოდოლოგიით აღიარებული მთელი რიგი კრიტერიუმები, რომელიც გულისხმობს ინტეგრირებული კონსერვაციისა და ინტეგრირებული რესტავრაციის პრინციპებს“, – განაცხადა ვაჩეიშვილმა.

მისივე თქმით, ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს პროგრამები ფინანსდება არა კონკურენტული სატენდერო წესით, არამედ ერთ პირთან მოლაპარაკების მეშვეობით.

როგორც ვაჩეიშვილმა განაცხადა, დღევანდელ სარესტავრაციო და კულტურული მემკვიდრეობის პროგრამებში მთავრობასა და მუნიციპალიტეტს შერჩეული ჰყავთ წინასწარ განსაზღვრული ფირმები. ამასთან, არ არის კონკურენტუნარიანი გარემო და ვერ ხდება საქართველოში სარესტავრაციო ძალების რეალიზება.

„სარესტავრაციო პროცესები მიდის ძალიან ცუდი მენეჯმენტით და ძალიან ცუდი შედეგით. ეს არის შედეგი კალაძის მიერ გაუქმებული სარესტავრაციო არქეოლოგიური კომისიისა, რომლის უშუალო ფუნქციაც იყო მსგავსი შემთხვევების ლეგალურ ჩარჩოებში მოქცევა. აუცილებელია და არ არის ჩვენი მოთხოვნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის მიმართულება იქცეს მსხვილ მუნიციპალურ და სახელმწიფო პროგრამად. ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამა უნდა შეწყდეს როგორც უწყებების წერტილოვანი დაფინანსების ასპარეზი და ის უნდა იყოს ყოველთვის განხილული თანამედროვე პარამეტრებით შეფასებული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული მიმართულებით“, – განაცხადა ვაჩეიშვილმა.

თბილისში, ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია იწყება.