„მრავალეროვანი საქართველო“ - კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
ამასთან, ორგანიზაციის წარმომადგენლის, ლელა ტალიურის განცხადებით, ამ დროისთვის დაფიქსირდა კენჭისყრის კაბინაში ფოტოს გადაღების, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილ პირთა ყოფნის და არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემის მცდელობის ფაქტები.
„15:30 საათისთვის არსებული ინფორმაციის საფუძველზე, შეიძლება დავასკვნათ, რომ კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში.
ამ დროისათვის დაფიქსირდა შემდეგი ფაქტები:
კენჭისყრის კაბინაში ფოტოს გადაღება – ერთი ფაქტი – ახმეტის #10.18.25 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა კენჭისყრის კაბინაში გადაიღო ფოტო, რაც საარჩევნო კანონმდებლობით აკრძალულია.
ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა – ერთი ფაქტი – ლაგოდეხის #10.15.22 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი კენჭისყრის კაბინაში არ შევიდა. მიუხედავად თავმჯდომარისა და რეგისტრატორის მიერ არაერთგზის გაკეთებული მითითებისა, ამომრჩეველმა არჩევანი საარჩევნო ბიულეტენზე რეგისტრატორის მაგიდაზე გააკეთა.
არაუფლებამოსილ პირთა ყოფნა საარჩევნო უბანზე – ერთი ფაქტი -ლაგოდეხის #10.15.22 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელმა ხუთი ამომრჩეველი პირადობის მოწმობის გარეშე შეუშვა. საუბნო საარჩევნო კომისიამ ამ ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცა და უკან გააბრუნა.
არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემის მცდელობა – ერთი ფაქტი –
ახმეტის #10.18.01 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი მობილურით გადაღებული პირადობის მეშვეობით ცდილობდა ხმის მიცემას.
მეორე ტურის არჩევნების დღის მონიტორინგს ახორციელებს ორგანიზაციის 200 დამკვირვებელი, მათ შორის, 175 საუბნო საარჩევნო კომისიის, 18 მობილური ჯგუფის, შვიდი საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებელი.
მეორე ტურის არჩევნების დღეზე დაკვირვება მოიცავს სულ შვიდ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს. ესენია: რუსთავი და გარდაბანი (#12), ლაგოდეხი, ყვარელი, თელავი და ახმეტა (#10) – კახეთი; მცხეთა (#11)- მცხეთა-მთიანეთი; ასევე კრწანისი (#1), ისანი (#4), სამგორი (#5) და გლდანი (#8) – თბილისი“, – განაცხადა ლელა ტალიურმა.