„მრავალეროვანი საქართველო“ არჩევნების მეორე ტურზე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„მრავალეროვანი საქართველო“ არჩევნების მეორე ტურზე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„მრავალეროვანი საქართველო“ არჩევნების მეორე ტურზე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

ორგანიზაციის წარმომადგენლის, ლელა ტალიურის განცხადებით, დაფიქსირდა მუქარისა და დაშინების, სხვის ნაცვლად კენჭისყრაში მონაწილეობის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევისა და საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურების წესების უგულველყოფის ფაქტები.

„21:30 საათისთვის ყველა საარჩევნო უბანი დახურულია და მიმდინარეობს ხმების დათვლა. ამ დროისათვის დაფიქსირდა შემდეგი ფაქტები:

მუქარა და დაშინება „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიმართ – ყვარლის #10.16.12 საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა მუქარას „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიმართ. მას შემდეგ, რაც მან გადაიღო საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილ პირთა ყოფნა, რომლებსაც საარჩევნო უბანზე სუფრა ჰქონდათ გაშლილი. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა და არაუფლებამოსილმა პირებმა დამკვირვებელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მისი ტელეფონის დამტვრევას შეეცადნენ. მოგვიანებით, აღნიშნულმა პირებმა დამკვირვებელს ბოდიში მოუხადეს.

სხვის ნაცვლად კენჭისყრაში მონაწილეობის მცდელობა – ლაგოდეხის #10.15.36 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი სხვა პირის კუთვნილი პირადობის მოწმობით ცდილობდა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. აღნიშნული ფაქტის გამოვლენის შემდეგ, მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ მისცეს.

საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლების მობილიზება ხმის მიცემის მიზნით – ისნის #04.05.39, #04.05.40, #04.05.42, #04.05.44 და #04.05.45 საარჩევნო უბნების კენჭისყრის შენობაში (#103- ე საჯარო სკოლის შენობის ჰოლში) სადამკვირვებლო ორგანიზაციების „ფოთის ახალგაზრდული ალიანსი“, „ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისთვის“ და „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ დამკვირვებლები სატელეფონო ზარებს ახორციელებენ და საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლების მობილიზებას ახდენდნენ.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა – ახმეტის #10.18.03 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ხმის მიცემის ფარულობა დაარღვია. მან კენჭისყრის კაბინაში შეიხედა, რათა დაენახა, ვის სასარგებლოდ აკეთებდა ამომრჩეველი არჩევანს საარჩევნო ბიულეტენზე.

საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურების წესების უგულველყოფა – რუსთავის #12.20.22 საარჩევნო უბანზე საარჩევნო სიებში კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის დათვლის შემდეგ ყუთის გახსნამდე არ დალუქეს ამომრჩეველთა სიები, რაც საარჩევნო კოდექსის 67-ე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევაა. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ შენიშვნის დაფიქსირების შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა“, – განაცხადა ლელა ტალიურმა.

დატოვე კომენტარი