„მრავალეროვანი საქართველო“ - თანადგომას ვუცხადებთ „სამართლიან არჩევნებს“, ვგმობთ ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც შეიძლება, მიზნად ისახავდეს არასამთავრობოების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას
„მრავალეროვანი საქართველო“ - თანადგომას ვუცხადებთ „სამართლიან არჩევნებს“, ვგმობთ ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც შეიძლება, მიზნად ისახავდეს არასამთავრობოების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას

​საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ თანადგომას უცხადებს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ (ISFED). ამის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაში არის ნათქვამი.

„2020 წლის 11 დეკემბერს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) განცხადება გაავრცელა და ხმების პარალელური დათვლის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია გამოაქვეყნა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორგანიზაციამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხმების პარალელური დათვლის (PVT) პირველადი, შიდა აუდიტი განახორციელა, სადაც გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. ორგანიზაციის განმარტებით, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა, თუმცა, ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არც ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

სამართლიანი არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე ფართო რეგიონული ქსელის ქსელის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წელს დაარსდა იმ მიზნით, რომ საარჩევნო პროცესებზე სამოქალაქო მონიტორინგი განეხორციელებინა. დღემდე ორგანიზაციას განხორციელებული აქვს მონიტორინგი საქართველოში გამართულ ყველა მნიშვნელოვან არჩევნებსა და რეფერენდუმებზე. ამასთან განხორციელებული აქვს ხმებისა და აქტივობის პარალელური დათვლა ბოლო 9 არჩევნებზე.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციაა, რომელიც გამოირჩევა პროფესიონალიზმით, სანდოობით და მიუკერძოებლობით. ორგანიზაციის საქმიანობა აღიარებულია ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების მიერ.

„მრავალეროვანი საქართველო“ წლებია აკვირდება საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებს. ორგანიზაცია ეფექტურად თანამშრომლობს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასთან“ (ISFED) და მასთან და სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან ერთად მონაწილეობა აქვს მიღებული საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებულ არაერთ აქტივობაში.

ის ფაქტი, რომ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) საჯარო გახადა მის მიერ განხორციელებული აუდიტის შედეგები და ღიად ისაუბრა გამოვლენილ ხარვეზზე, ცალსახად მიუთითებს ამ ორგანიზაციის მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე, რაც დასაფასებელია.

და ვგმობთ ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც შეიძლება მიზნად ისახავდეს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ან მთლიანად არასამთავრობო სექტორის რეპუტაციის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მხარს ვუჭერთ სამართლიანი არჩევნები (ISFED)“, – აცხადებენ „მრავალეროვან საქართველოში“.