ლელა ტალიური მიიჩნევს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში წევრის ყოლის უფლება არ უნდა იყოს დამოკიდებული პარტიის მიერ მანდატით სარგებლობაზე
ლელა ტალიური მიიჩნევს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში წევრის ყოლის უფლება არ უნდა იყოს დამოკიდებული პარტიის მიერ მანდატით სარგებლობაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლის, ლელა ტალიურის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.

მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პროცესში მნიშვნელოვანია ორი მთავარი საკითხის გათვალისწინება.

კერძოდ, ტალიურის განმარტებით, პოლიტიკურ პარტიას საარჩევნო ადმინისტრაციაში წევრის ყოლის უფლება უნდა ჰქონდეს არა იმის მიხედვით, მანდატით ისარგებლებს თუ არა, არამედ უნდა იყოს მიბმული პარტიის მიერ არჩევნებში მანდატების მოპოვებასთან.

გარდა ამისა, ლელა ტალიურის შეფასებით, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისას, ადამიანები მაღალი ნდობით უნდა იყვნენ არჩეული.

„თავდაპირველი ვერსიით, გათვალისწინებული იყო საარჩევნო ადმინისტრაციის მხოლოდ პროფესიული ნიშნით დაკომპლექტება. ბოლო ვერსიით კი, საუბარია იმაზე, რომ ცესკო-სა და საარჩევნო ოლქის დონეზე მოხდება შერეული პრინციპით დაკომპლექტება. ანუ, 8/9-ზე პროპორციული და პარტიული ნიშნით, საუბნო კომისიების დონეზე ეს მოხდება მხოლოდ პროფესიული ნიშნით. ვფიქრობთ, კითხვების მოსახსნელად, რომელიც ზოგადად, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას ახლავს თან, მნიშვნელოვანია, ორი მთავარი საკითხის გათვალისწინება.

პირველი – პარტიას უნდა ჰქონდეს საარჩევნო ადმინისტრაციაში წევრის ყოლის უფლება არა იმის მიხედვით, ის მანდატით ისარგებლებს თუ არა, ეს უნდა იყოს მიბმული პარტიის მიერ საპარლამენტო არჩევნებში მანდატების მოპოვებასთან, თუმცა პროექტში წერია, რომ მან მანდატითაც უნდა ისარგებლოს, სხვა შემთხვევაში ვერ ისარგებლებს წევრის დანიშვნის უფლებით.

მეორე – როცა საუბარია პროფესიული ნიშნით საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაზე, ეს ადამიანები მაღალი ნდობით უნდა იყვნენ არჩეული. ვფიქრობთ, უფრო მაღალი კვორუმით მოხდეს პროფესიული ნიშნით არჩეული წევრების დაკომპლექტება. მაგალითად, 2/3 იყოს და არა ნახევარი უმრავლესობით, როგორც ეს დღეს არის. თუ პარტიებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ კომისიებში წევრები ჰყავდეთ, ეს უნდა იყოს მიბმული არა მანდატებით სარგებლობაზე, არამედ იმაზე, რომ მათ არჩევნებში ბარიერი გადალახეს და მანდატი მოიპოვეს.

ვფიქრობთ, რომ საარჩევნო უბნის დონეზე შერეული მოდელი დარჩეს, რადგან უბანს აქვს მნიშვნელოვანი კომპენტენცია. ეს არის ხმების დათვლა, არჩევნების ჩატარება და თუ ამ დონეზეც დავტოვებთ შერეულ მოდელს, კარგი იქნება. პარტია არჩევნებში თუ მონაწილეობდა, მანდატი აიღო და დაფინანსება აქვს, რატომ არ უნდა ჰქონდეს საარჩევნო ადმინისტრაციაში წევრის ყოლის უფლება? იმ ჩიხურ სიტუაციაში, რომელშიც დღეს ვართ, როდესაც ოპოზიციური პარტიები პარლამენტში არ შემოდიან და მანდატით არ სარგებლობენ, მათ არ მოესპობდათ იმის შესაძლებლობა, რომ კომისიებში წევრები ჰყავდეთ. სხვა შემთხვევაში, ისინი თუ არ შემოვლენ პარლამენტში თვითმმართველობის არჩევნებამდე, წარმოდგენილი ფორმულირებით, საარჩევნო ადმინისტრაციაში წევრი ვერ ეყოლებათ“, – განაცხადა ლელა ტალიურმა.

პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მორიგი სხდომა გაიმართა.

სამუშაო ჯგუფს უკვე მომზადებული აქვს ცვლილებების პირველადი ვერსია, რომელიც გულისხმობს საარჩევნო ადმინისტრაციის ახლებურად ჩამოყალიბებას, საარჩევნო უბნებთან რადიუსის განსაზღვრას, ხმის მიცემის პროცედურების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას და თვითმმართველობის არჩევნებზე მეტი პროპორციული სისტემის შემოღებას.

სამუშაო ჯგუფი ცვლილებების ინიცირებას პირველი მარტისთვის გეგმავს.