„მრავალეროვანი საქართველო“ - ჩვენი დამკვირვებლების მხრიდან საარჩევნო კომისიაში შესულია ხუთი საჩივარი, ხუთივე უკავშირდება მარნეულში ინციდენტებს
არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლის, ალექსანდრა კალატოზიშვილის ინფორმაციით, ამ დრომდე დაფიქსირებული ინციდენტებიდან თითქმის ნახევარი მოდის მარნეულის საარჩევნო ოლქზე.
„საარჩევნო კომისიაში ჩვენი დამკვირვებლების მხრიდან შესულია ხუთი საჩივარი, თუმცა, აქვე დავძენ, რომ ახლაც გრძელდება საჩივრების წერა. აღსანიშნავია, რომ ხუთივე საჩივარი შესულია მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მარნეული ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევა ნეგატიურ კონტექსტში.
ბოლო საათების მონაცემებით, მარნეულში შეინიშნება აგრესიული ფონის მატება არჩევნებში ჩართულ პოლიტიკურ აქტორთა შორის. არის ფიზიკური ძალადობის ინციდენტებიც არჩევნებში ჩართულ პოლიტიკურ პარტიათა წარმომადგენლებს შორის. სამწუხაროდ, აგრესია მატულობს“, – განაცხადა კალატოზიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, გამოიკვეთა დამკვირვებლების მიმართ დაკვირვების უფლების შეზღუდვის შემთხვევები.
„სამწუხაროდ, ეს არ არის ერთეული შემთხვევები. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მრავლად არიან წარმოდგენილნი პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლები, რის გამოც, უბნებზე შეინიშნება განსაკუთრებული ხალხმრავლობა“, – განაცხადა ალექსანდრა კალატოზიშვილმა.