მოზარდ მაყურებელთა თეატრში ნინო ლორთქიფანიძის 60 წლის იუბილე აღნიშნეს
მოზარდ მაყურებელთა თეატრში მსახიობ ნინო ლორთქიფანიძის 60 წლის იუბილე აღნიშნეს.
შემოქმედებითი საღამო მისი კინოროლების კოლაჟით გაიხსნა; თეატრის დასმა სცენაზე გააცოცხლა ეპიზოდები იმ სპექტაკლებიდან, რომელშიც ნინო ლორთქიფანიძე თამაშობს.
საღამო კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. მსახიობმა სცენაზე კოლეგების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.
„ვერ გამოვყოფ რაღაც პერიოდებს ჩემი ცხოვრებიდან, რომელიც თეატრთან არის დაკავშირებული, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება თეატრთან და ხელოვნებასთან არის კავშირში,“- აღნიშნა იუბილარმა.
როგორც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი იხსენებს, მსახიობის დათანხმება იუბილეს გამართვაზე ცოტა არ იყოს გაუჭირდათ და ამ დღესაც უბრალოდ შემოქმედებითი საღამო დაარქვეს.
„მოვახერხეთ მისი დათანხმება. მიუხედავად იმისა, რომ ნინო არის სახელგანთქმული ოჯახის შვილი, არის ძალიან თავმდაბალი და სულ ცდილობს, ჩრდილში იყოს. ცდილობს, მისი ოჯახის წევრებზე ისაუბრონ თავად კი, მუშა ფუტკარივით აკეთებს საქმეს. სწორედ ამ მხრივ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო გამომეკვეთა მისი ეს თვისება და გამომეყვანა ის აქ, ამ რანგში, როგორც იუბილარი,“ – ამბობს დიმიტრი ხვთისიაშვილი.
ნინო ლორთქიფანიძე მოზარდ მაყურებელთა თეატრის გარდა, თამაშობდა რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრების სცენაზე. მას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ფილმში: „თეთრი ბაირაღები“, „წიგნი ფიცისა“, „ანდერძი“ და სხვა.