მოზარდ მაყურებელთა თეატრის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით საიუბილეო კვირეული მოეწყობა
მოზარდ მაყურებელთა თეატრის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით საიუბილეო კვირეული მოეწყობა

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიულ თეატრს 18 აპრილს 90 წლის იუბილე უსრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით, თეატრის ორგანიზებით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, საიუბილეო კვირეული მოეწყობა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, 14-18 აპრილის ჩათვლით, მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლების ჩვენება გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის განკუთვნილი 10 სპექტაკლი.

როგორც ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა აღნიშნა, საიუბილეო კვირეული 14 აპრილს გრანდიოზული გამოფენით გაიხსნება, სადაც ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი პირველად იხილავს უნიკალურ ესკიზებსა და აფიშებს.

მისი განმარტებით, საიუბილეო კვირეულში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს 10 ქვეყნის 20-მდე სტუმარი ეწვევა.

„17 აპრილის ჩათვლით, ყოველ დღე ჩატარდება 3-4 წარმოდგენა. იქნება როგორც ძალიან პატარებისთვის განკუთვნილი სპექტაკლი, საოპერო-საბალეტო თოჯინების სპექტაკლები, იქნება ასევე უფროსებისთვის განკუთვნილი წარმოდგენები, გამოიცემა საიუბილეო ალბომი. ამ ყველაფერს ქართველ მაყურებელთან ერთად, დაესწრება 19 სხვადასხვა ქვეყნის თეატრალური პროდიუსერი, ასევე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 18 აპრილს უკვე საიუბილეო საღამო იქნება. სწორედ 18 აპრილს დაარსდა მოზარდ მაყურებელთა თეატრი“, -განაცხადა ხვთისიაშვილმა.

თეატრს იუბილე მიულოცა და მის უნიკალურობაზე ისაუბრა კულტურის მინისტრმა მიხელ გიორგაძემ. მისი თქმით, მოზარდ მაყურებელთა თეატრი მდიდარი ისტორიისა და ტრადიციების მქონე თეატრია.

„ვულოცავ ამ საიუბილეო თარიღს თეატრს. ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და საინტერესო თეატრი გახლავთ, ძალიან დიდი და მდიდარი ისტორიითა და ტრადიციით. ერთგვარად, უნიკალური თეატრი გახლავთ იმიტომ, რომ აერთიანებდა თავის დროზე სამ თეატრს, რომელიც არსებობდა ამ შენობაში, რუსული და ქართული მოზარდ მაყურებელთა და თოჯინების თეატრი. პრაქტიკულად, მთელი წლის განმავლობაში, ამ თარიღისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიებები და მრავალფეროვანი პროგრამა იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა გიორგაძემ.

18 აპრილს 20:00 საათზე, საიუბილეო კვირეულის დასკვნით დღეს, მოზარდ მაყურებელთა თეატრში საიუბილეო საღამო გაიმართება. ამავე დღეს შედგება ალბომის „მოზარდ მაყურებელთა თეატრი 90“ პრეზენტაცია.