მოზამბიკში რადიკალ ისლამისტებთან შეტაკებისას რუსული „ვაგნერის“ ხუთი მებრძოლი დაიღუპა
მოზამბიკში რადიკალ ისლამისტებთან შეტაკებისას რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხუთი მებრძოლი დაიღუპა.
„რადიო თავისუფლება“ გამოცემა „კარტა დე მოსამბიკზე“ დაყრდნობით წერს, რომ ინციდენტი ქვეყნის კაბუ-დელგადოს პროვინციაში მოხდა, სადაც რუსი დაქირავებული მებრძოლების დაჯგუფება ჩასაფრებაში მოჰყვა.
შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად სამთავრობო არმიის 20 სამხედრო მოსამსახურეც დაიღუპა.
რადიკალმა ისლამისტებმა ყველა მათგანს თავი მოჰკვეთეს.
მოზამბიკში რუსეთმა 200-მდე მებრძოლი და სამხედრო ტექნიკა მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაგზავნა.
მოზამბიკი აფრიკის იმ ათეულობით ქვეყანას შორისაა, სადაც რუსეთი, როგორც ცნობილია, ბოლო წლების განმავლობაში გავლენის გაძლიერებას ცდილობს და ამ მიზნის მისაღწევად აფორმებს ეკონომიკურ შეთანხმებებს, აფინანსებს აფრიკულ რეჟიმებს, გზავნის სამხედრო ტექნიკას და პერსონალს.
კრემლის გეოპოლიტიკურ ინტერესებში 30-ზე მეტი აფრიკული ქვეყანაა. მინიმუმ 20-ში რუსი სამხედრო სპეციალისტები და დაქირავებული მებრძოლები უკვე მუშაობენ.