მოყვარულმა ასტრონომმა აფეთქებული ვარსკვლავის უიშვიათესი ფოტო შემთხვევით გადაიღო
მოყვარულმა ასტრონომმა აფეთქებული ვარსკვლავის უიშვიათესი ფოტო შემთხვევით გადაიღო

კოსმოსისთვის გადაღებულ ყოველ ფოტოზე რაღაც ახლის დანახვა ყოველთვის შეიძლება. ამის შესამჩნევად სულაც არ არის აუცილებელი, მეცნიერი იყოთ.

პირველად ისტორიაში, მოყვარული ასტრონომის მიერ გადაღებულ ფოტოზე აფეთქებული ვარსკვლავი, ანუ სუპერნოვა მოხვდა. ფოტოგრაფი ამ დროს თავის ახალ კამერას ტესტავდა.

არგენტინის ქალაქ როსარიოში მცხოვრები ვიქტორ ბუსო პირველი ადამიანია, რომელმაც აფეთქებული ვარსკვლავის შოკური გასკდომის წინა და შემდეგი ოპტიკური (ხილული) სინათლე გადაიღო.

ეს გახლავთ წერტილი, როცა ვარსკვლავი ფეთქდება — მნათობის ბირთვიდან წამოსული ზებგერითი შოკური ტალღა არღვევს ვარსკვლავის ზედაპირს, რაც იქ არსებული გაზის ძალიან სწრაფ გაცხელებას და აკაშკაშებას იწვევს.


სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის სუპერნოვადან წამოსული სინათლის პირველი ამოფრქვევა.

ამ მოვლენის გადაღება უკიდურესად რთულია, რადგან სუპერნოვას აფეთქების ზუსტი დროის პროგნოზირება შეუძლებელია და შოკური რღვევაც ძალიან ცოტა ხანს გრძელდება.
ამ ფენომენზე ასტრონომები უკვე წლებია ნადირობენ.

„ეს კოსმოსური ლატარიის მოგების მსგავსია“, — ამბობს ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტრონომი ალექს ფილიპენკო, რომლის ჯგუფიც ამ სუპერნოვას აფეთქების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს იკვლევდა.

არგენტინელ ვიქტორ ბუსოს აშკარად გაუმართლა.

2016 წლის 20 სექტემბერს, იგი 40-სანტიმეტრიან ტელესკოპზე მიმაგრებულ თავის ახალ კამერას ტესტავდა.


ამისათვის, კამერა ჩვენგან 80 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, მოქანდაკის თანავარსკვლავედში მდებარე სპირალურ გალაქტიკა NGC 613-ისკენ მიმართა, რომელიც მშვენიერი სამიზნე იყო, რადგან მდებარეობდა ზუსტად მის თავზე.

დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში, გალაქტიკას ის ფოტოებს 20-წამიანი დაყოვნებით უღებდა. პირველი 20 წუთის განმავლობაში გადაღებული ყველა ფოტო ერთნაირი იყო.
მაგრამ ამის შემდეგ, ბუსომ რაღაც შენიშნა — გალაქტიკის ერთ-ერთი სპირალური მკლავის დაბოლოებასთან, კაშკაშა წერტილი გამოჩნდა.

ასტრონომების ხელში ფოტო საკმაოდ გვიან აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ისინი მაშინვე მიხვდნენ, რომ ბუსოს რაღაც განსაცვიფრებელი ჰქონდა გადაღებული.

მკვლევართა განცხადებით, ასეთი აღმოჩენის შანსი 10 ან 100 მილიონში ერთია.

„ბუსოს მონაცემები განსაკუთრებულია. ეს გახლავთ მოყვარულ და პროფესიონალ ასტრონომთა პარტნიორობის თვალსაჩინო მაგალითი“, — ამბობს ფილიპენკო.

სუპერნოვაზე დაკვირვებებისათვის მკვლევართა ჯგუფმა ჰავაიზე მდებარე ლიკისა და კეკის ობსერვატორიებს მიმართა. დაკვირვებები ბუსოს აღმოჩენიდან 2 თვის განმავლობაში გაგრძელდა. სუპერნოვას SN 2016gkg უწოდეს.


როგორც სპექტრული მონაცემებიდან გაირკვა, ის IIb-ტიპის სუპერნოვაა — მასიური ვარსკვლავი, რომელსაც აფეთქებამდე უკვე დაკარგული აქვს საკუთარი მასის უდიდესი ნაწილი.

ჯგუფის გათვლებით, თავდაპირველად, SN 2016gkg-ის მასა ჩვენი მზის მასას 20-ჯერ აღემატებოდა, მაგრან თანდათან დაკარგა სამი-მეოთხედი, რომელიც სავარაუდოდ, კომპანიონმა ვარსკვლავმა წაართვა.

სუპერნოვად აფეთქების მომენტში, მისი მასა მზისაც მხოლოდ 5-ჯერ აღემატებოდა.

ხანგრძლივი ვიზუალური მონაცემები ასტრონომებს დაეხმარება, მეტი ინფორმაცია შეაგროვონ ვარსკვლავის უშუალოდ აფეთქებისწინა სტრუქტურისა და თავად აფეთქების შესახებ.

„პროფესიონალი ასტრონომები ამ მოვლენას დიდი ხანი ამაოდ ვეძებდით. ვარსკვლავების აფეთქების საწყის მომენტებზე დაკვირვება გვაძლევს ინფორმაციას, რომლის მიღებაც სხვა გზით შეუძლებელია“, — აღნიშნავს ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტრონომი ალექს ფილიპენკო.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.


მომზადებულია berkeley.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით